კალაძის თქმით, თუ ავტობუსში მგზავრი პირბადეს არ გაიკეთებს, პატრულს გამოუძახებენ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თუ ვინმე შეეცდება, პირბადის გარეშე საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდეს, ტრანსპორტი გაჩერდება და ადგილზე საპატრულო პოლიციას გამოიძახებენ.

„ჩვენ სრული მზადყოფნა გვაქვს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად ამოქმედდეს. რაც შეეხება რეგულაციებს, დღეს პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა ამის შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ საზოგადოერივ ტრანსპორტში მეტროში, ავტობუსსა და მიკროავტობუსში პირბადეებით ვისარგებლოთ. კონტროლი იქნება ისეთი, როგორც აქამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობის დროს იყო. ადამიანი, რომელიც შეეცდება, პირბადის გარეშე იმგზავროს ავტობუსით, ავტობუსი არ გადაადგილდება და გამოძახებული იქნება საპატრულო პოლიცია. ტრანსპორტი შაბათ-კვირას გაჩერდება“,- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, 8 თებერვლიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა გარდა შაბათ–კვირისა. ამ ეტაპზე კვლავ გაჩერებული იქნება საქალაქთაშორისო მოძრაობა.