კალაძის თქმით, სპორტის სასახლის რეაბილიტაცია დაიწყება

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ  სპორტის სასახლის რეაბილიტაციის სამუშაოები “ძალიან მალე” დაიწყება და აღნიშნავს, რომ პროექტი ყველა ძირითადი სივრცისა და მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება-რეაბილიტაციას გულისხმობს.

“ახლანდელი მდგომარეობა სპორტის სასახლის არ არის დამაკმაყოფილებელი, აქვს ძალიან ბევრი პრობლემა, ხარვეზები, შესაბამისად, საჭიროებს განახლებას, რეაბილიტაციას, მოწესრიგებას. ხელშეკრულება, რომელიც 2007 წელს არის გაფორმებული, ვერ პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს. ჩვენ ვიმუშავეთ შესაბამის კომპანიასთან, შევთანხმდით, რომ სპორტის სასახლე საჭიროებს რეაბილიტაციას და სამუშაოები დაიწყება ძალიან მალე.[…] მოწესრიგდება ყველა ძირითადი სივრცე, რაც გულისხმობს იატაკის საფარის, სავარძლების, კედლების, ვიზიტორების, საცირკულაციო სივრცეების, გასახდელების, VIP შემოსასვლელების მოწესრიგებას და განახლებას. იქიდან გამომდინარე, რომ სპორტის სასახლე წარმოადგენს ისტორიულ შენობას, მაქსიმალურად შენარჩუნდება ისტორიული მასლები, განსაკუთრებით, ბუნებრივი ქვის მოპირკეთება. სპორტის სასახლე აღიჭურვება მისი დანიშნულებისთვის საჭირო მოწყობილობებითა და სივრცეებით, რაც მოიცავს განათების, ხმის, ვიდეო-ეკრანის, სცენის, იატაკის საფარის, ტრანსლაციის, სპეციალური ეფექტებისა და სხვა ტიპის მოწყობილობებს. ასევე იგეგმება სპორტის სასახლის გარშემო სარეკრეაციო და ღია სივრცეების მოწყობა და ისტორიული ფუნქციის აღდგენა.

სპორტის სასახლის ირგვლივ ტერიტორიაზე მოეწყობა უნიკალური სარეკრეაციო სივრცე. კეთილმოეწყობა მეტროში ჩასასვლელი და მიმდებარე სივრცეები. ამავე ტერიტორიაზე მმართველი კომპანია გეგმავს პადელის ღია კორტების მოწყობას. მოწესრიგდება საპარკინგე ზონა, დარეგულირდება სატრანსპორტო გეგმა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე სპორტის სასახლის სტუმრებისთვის” – ამბობს დედაქალაქის მერი.