კალაძის თქმით, 13 მეტრო სადგურზე სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება

თბილისის მეტროს რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, მეტროსადგურებზე – „გოცირიძე“, „ვარკეთილი“ და „ავლაბარი“ სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, ხოლო დამატებით ათ სადგურზე, ასევე, მასშტაბური სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება.

ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ მეტროსადგურებზე მათი გახსნიდან დღემდე, უპრეცენდენტო მასშტაბური განახლების სამუშაოები ხორციელდება.

„ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი აქტიური ნაწილია მეტროსადგურების რეაბილიტაცია. ვმუშაობთ რამდენიმე მიმართულებით. დაწყებული გვაქვს მეტროს ვაგონების განახლება-რეაბილიტაცია. წლის ბოლომდე უკვე ახალი განახლებული შემადგენლობები მომესახურება მოსახლეობას. არსებობს ამ შემადგენლობების გარკვეული რაოდენობა, რომელსაც ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს. გამოცხადებული გვაქვს ტენდერი ახალი ვაგონების შესყიდვაზე, უახლოეს მომავალში კი გვეყოლება გამარჯვებული კომპანია. გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობთ მეტროსადგურების რეაბილიტაციის მიმართულებით. დაახლოებით, 40-50 წელია, კაპიტალური სარემონტო სამუშაოები მეტროსადგურებს არ ჩატარებია, ანუ დღიდან მათი გახსნისა. შეიძლება, კოსმეტიკური სამუშაოები იყო ჩატარებული, მაგრამ მასშტაბური კაპიტალური სამუშაოები არ ჩატარებულა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მეტროსადგურ „ვარკეთილისა“ და „ავლაბრის“ სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დეტალური პროექტირება მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება.

„დაწყებულია სამუშაოები მეტროსადგურებზე: „გოცირიძე“, „ვარკეთილი“ და „ავლაბარი“. მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ უკვე მიმდინარეობს სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის შედეგადაც, სრულად განახლდება და გადაიხურება მოსაცდელი ბაქანი, ასევე, გარემონტდება მეტროს გარე ფასადი, ვესტიბიული და სამეურნეო სათავსოები. რაც შეეხება მეტროსადგურ „ვარკეთილსა“ და „ავლაბარს“, გაფორმებულია ხელშეკრულებები სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირებაზე. კონტრაქტორმა კომპანიებმა სადგურების განახლებული იერსახის წინასწარი ესკიზები უკვე წარმოადგინეს. ორივე სადგურზე დეტალური პროექტირება მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება, რის შემდეგაც, დაუყოვნებლივ გამოცხადდება ტენდერები აღნიშნული სადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერის თქმით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით, კიდევ ათი მეტროსადგურის სრული რეაბილიტაცია იგეგმება.

„ამ სამუშაოების პარალელურად, ჩვენ გვქონდა აქტიური მოლაპარაკებები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) და მივაღწიეთ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, დაახლოებით, ათი მეტროსადგურის რეაბილიტაცია/განახლება განხორციელდება. ესენია: „გურამიშვილი“, „სადგურის მოედანი“, „სარაჯიშვილი“, „მარჯანიშვილი“, „თავისუფლების მოედანი“, „300 არაგველი“, „რუსთაველი“, „ისანი“, „წერეთლის გამზირი“ და „ნაძალადევი“. ამდენად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითრების ბანკი გამოგვიყოფს თანხებს, რომლითაც ჩავატრებთ ამ მეტროსადგურების კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოებს. იცით, რომ აღნიშნული მეტროსადგურების მდგომარეობა არ არის სახარბიელო და საჭიროებს რეაბილიტაციას. მინდა, მადლობა გადავუხადო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს, კონკრეტულად კი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითრების ბანკს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. ვფიქრობთ, წლის ბოლომდე უკვე გვექნება პროექტები და შევძლებთ, უშუალოდ სამუშაოებზე ტენდერის გამოცხადებას“, – განაცხადა თბილისის მერმა.