კახა კალაძის მხარდამჭერები (ზაზა მამალაძე და ირაკლი ბუაჩიძე), რომლებმაც აქციის მონაწილეებზე იძალადეს, გაათავისუფლეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ავრცელებს. ისინი დროებითი დაკავების იზოლატორიდან ბრალის წაყენების გარეშე გაათავისუფლეს:
„დაზარალებულმა აქტივისტებმა არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან და მათი ჩვენებებიდან გამომდინარე, შეუძლებელი გახდა ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის პასუხისგებაში მიცემა – შესაბამისად, ისინი დღეს გათავისუფლდნენ დაკავებიდან“, – თქვა ბრიფინგზე ალექსანდრე დარახველიძემ.
- 1965 წელს დაბადებული ზაზა მამალაძე, რომელმაც სახეში გაარტყა ახალგაზრდა ქალს ხელი და მოგვიანებით უხამსი ჟესტით მიუთითებდა დემონსტრანტებს საკუთარ გენიტალიაზე;
- 2003 წელს დაბადებული ირაკლი ბუაჩიძე, რომელსაც აქციაზე ჰქონდა რეზინის ხელკეტი. მან ის ჩაარტყა ერთ-ერთ დემონსტრანტს, მოგვიანებით კი პოლიციელს, რომელსაც ნივთის წართმევის დროს უთხრა: „თქვენიანი ვარ“.
რაც შეეხება მეგი დიასამიძეს, დარახველიძის თქმით, ბრალდების მხარე მისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვს.
“რაც შეეხება ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ მოქალაქეს როგორც ჩვენთვის ცნობილია, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შესახებ და ის რამდენიმე საათში გათავისუფლდება პატიმრობიდან”, – თქვა დარახველიძემ.
ისინი 10 სექტემბერს დააკავეს. დაკავებულებს შორისაა 23 წლის სტუდენტი, რომელსაც კახა კალაძის ბანერის დაზიანებას ედავებიან.