“კალენდარს რომ უყურებ 2021 წერია, მაგრამ ფეოდალურ გარემოში ვართ”- ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე ამბობს, რომ დღეს თბილისში განვითარებული ძალადობრივი მოვლენები როცესებს რუსული ელფერი დაკრავდა. გოცირიძემ ასევე მადლობა გადაუხადა ქართულ მედიას იმისთვის, რომ ბოლო პერიოდში ჰომოფობიურ განცხადებებს არ აჟღერებდნენ. მისი თქმით, ნაწილობრივ ამითიც იყო გამოწვეული ძალადობრივი ჯგუფების აგრესია.
“მართლა არ მეგონა, რომ ოდესმე იმას განვიცდიდი, რაც 2013 წლის 17 მაისს განვიცადე. რა იმედგაცრუებაში ვიყავი და სრულ სასოწარკვეთილებაში. ვფიქრობდი, რომ ღმერთო აი ამ ძალადობრივ ქვეყანაში როგორ უნდა იცხოვრონ ჩემმა შვილებმა. იგივე განცდა მაქვს დღესაც.
მარტო ამ ჩემს ორ შვილზე არ ვფიქრობ ხომ? მე ვფიქრობ ჩემი შვილების თაობაზე, რომლის იმედიც მაქვს რომ ახალი, ჯანსაღი თაობა მოვა და სხვანაირად ააშენებს ამ ქვეყანას. ეს ხალხი დაიხურავს ქუდებს და წავლენ, რა უნდა ვუთხრა ჩემს შვილებს, რითი უნდა გავაჩერო ამ ქვეყანაში?
კალენდარს რომ უყურებ და იქ რომ 2021 წელი წერია, არ გეგონოთ, რომ მთლად ეგ დრო დგას. ჩვენ სადღაც ძალიან ძალიან უკან ვართ, ფეოდალურ გარემოში, ოღონდაც რუსული ელფერი აქვს”, – განაცხადა მან ფორმულას ეთერში.