კალოიანი: ეპიდვითარება რთულდება, მოსალოდნელია საკმაოდ მძიმე კვირები

ევროპული საქართველოს წევრი და ჯანდაცვის ექსპერტი ვახტანგ კალოიანი აცხადებს, რომ ეპიდემიოლოგიური კუთხით საქართველოში მძმე კვირებია მოსალოდნელი.

ის ჯანდაცვის სექტორს იმ რეკომენდაციებით მიმართავს.

“ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულდება, იზრდება ინფიცირებულ პაციენტთა რაოდენობა, სამწუხაროდ, მოსალოდნელია საკმაოდ მძიმე კვირები, რაც გამოიხატება ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლაში. მცირდება თავისუფალი საწოლების რაოდენობაც. იმედია, ჯანდაცვის სამინისტრო დროულად გააკეთებს საწოლების მობილიზებას და ისევ არ გავივლით იმ დრამატულ თვეებს, როგორიც იყო ნოემბერ-დეკემბერში.

ძალიან მნიშვნელოვანია ინტენსიური საწოლების დროული მობილიზება, აღჭურვის კიდევ ერთხელ გადამოწმება და კოორდინირება ოჯახის ექიმს, 112-ს და ჰოსპიტალურ სექტორს შორის, რათა მოვახერხოთ ყველა ინფიცირებული მძიმე პაციენტის დროული ჰოსპიტალიზაცია და დახმარების აღმოჩენა.

სამწუხაროდ, ამ თვეების განმავლობაში გარკვეული ინფრასტრუქტურული გაუმჯობესების გარდა, სისტემური გაუმჯობესების მიმართულებით, ჯანდაცვის სამინისტრომ არ გადადგა ნაბიჯები. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ ჩავარდნილი ვაქცინაციის პროცესის ფონზე, რომელიც სახეზე გვაქვს“, – აცხადებს კალოიანი.