კანდელაკი გამყრელიძეზე: ეს კაცი არის კომუნისტა შარლატანი და დამნაშავე

“ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი კანდელაკი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელძღვანელს დამნაშავეს უწოდებს.

“ეს კაცი არის საბჭოთა ნომენკლატურის ტიპური წარმომადგენელი, კომუნისტა შარლატანი და, ამავე დროს, დამნაშავე. რატომ დამნაშავე? იმიტომ რომ შარშან მან ხელი მოაწერა კორონასთან ქუჩების შამპუნით მორეცხვით „ბრძოლას“ და ამაში დიდი ფულის გადაყრას. იმიტომ რომ მან ხელი მოაწერა 65 მილიონი ლარის კორუფციულ სამოგზაურო კარანტინში გადაყრას იმის მაგივრად, რომ ამ ფულით წინასწარ დაგვებევებინა ვაქცინა”,- წერს კანდელაკი.

მისივე თქმით, გამყრელიძე იყო ქართული ოცნების მიერ პანდემიის ბოროტად გამოყენების ერთ-ერთი მედროშე და “მათ პარტიულ შეკრებებზეც ხელებს იტყავებდა ტაშის კვრით”.

“დიდი რიხით გვპირდებოდა საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, სადაც ვაქცინაცია დაიწყებაო და აღმოჩნდა პირიქით და მილიონ მოსახლეზე გინდ გარდაცვლილთა და გინდ ინფიცირებულთა რაოდენობით აღმოვჩნდით ძალიან ცუდ პოზიციებზე”,- წერს ის Facebook-ზე.

კანდელაკი აღნიშნავს, რომ “ამ ჩაფლავებაზე” პასუხს აგებს “მეორე შარლატანი მუშკეტერიც”

“მეორე შარლატანმა მუშკეტერმა თქვა ისრაელი იმიტომაა ასე წინ რომ მაგათი მინისტრი „ფაიზერის“ მისაღებში ათენებდა და აღამებდაო. მერედა ვინ დაგიშალათ, რომ იგივე გექნათ? ან ვის დაენანებოდა ასეთ ლობირებაზე და მივლინებაზე დახარჯული ფული? არავის! ეს რომ გექნათ, ახლა ვაქცინაციაში ავღანეთზე ბევრად ჩამორჩენილები არ ვიქნებოდით. საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა და თქვენს მიერ ხელმოწერილი გაფლანგული ფულით ძალიან ადვილად შეიძლებოდა იმ რაოდენობის ადამიანების აცრა, რომ ახლა ისევ ჩასაკეტად ნამდვილად არ გაგვეხადა საქმე. რეჟიმის შემდეგ ამ ჩაფლავებაზე პასუხს პირველ რიგში თქვენ აგებთ”,- წერს გიორგი კანდელაკი.