კანონის მიღებას EU-სკენ საქართველოს სვლაზე უარყოფითი გავლენა აქვს – ბორელი და ვარჰეი

საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი და ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეი ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით ერთობლივ წერილს ავრცელებენ.

“ევროკავშირი დგას ქართველი ხალხისა და დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლის მათი არჩევნის გვერდზე. დაშინება, მუქარა და ფიზიკური გასწორება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე, პოლიტიკურ ლიდერებსა და ჟურნალისტებზე, ასევე მათი ოჯახის წევრებზე, მიუღებელია. საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, გამოიძიონ ეს დადასტურებული შემთხვევები.

ევროპულმა კომისიამ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა კომისიის მიერ 2023 წლის 8 ნოემბერს გაცემული 9 საჭირო ნაბიჯის გათვალისწინებით. ეს ნაბიჯები მოითხოვს ადამიანის უფლებების დაცვას, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის თავისუფლად მუშაობას. ისინი ასევე ეხება დეპოლარიზაციის საჭიროებასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლას.

დიდი საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო საზოგადოების ცხადი მოწოდებების მიუხედავად, საქართველოს მთავრობის მმართველმა უმრავლესობამ მიიღო კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ მესამე მოსმენით. ევროკავშირმა ცხადად და რამდენჯერმე განაცხადა, რომ ამ კანონის სულისკვეთება და შინაარსი არ შეესაბამება ევროკავშირის ძირეულ ნორმებსა და ღირებულებებს. ის ძირს გამოუთხრის სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მუშაობას, მაშინ, როცა გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლება არის ფუნდამენტური უფლებები, რომლებიც საქართველოს მისწრაფებების ცენტრში დგას ასოცირების შეთანხმებისა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

ამ კანონის მიღებას ნეგატიური გავლენა აქვს ევროკავშირის გზაზე საქართველოს პროგრესზე. წინსვლის გადაწყვეტილება საქართველოს ხელშია. ჩვენ საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, გაიწვიონ კანონი და შეასრულონ ევროკავშირისკენ სვლის დადებული პირობა და დაწინაურდნენ რეფორმებში, რომლებიც დეტალურადაა მოცემული 9 ნაბიჯში.

ევროკავშირი მზადაა გააგრძელოს ქართველთა დახმარება ევროკავშირისკენ მიმავალი მომავლისთვის მუშაობაში.” – წერია განცხადებაში.