„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება არ უნდა განვიხილოთ ხელისუფლების გამარჯვებად და არც კანონის ოპონენტების მარცხად, მით უმეტეს, არ შეიძლება „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება განვიხილოთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დამარცხებად. ხშირად ცდილობენ ხოლმე, ასე წარმოაჩინონ ეს ყველაფერი. „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღებით გაიმარჯვა მხოლოდ საქართველომ, მისმა სუვერენიტეტმა და უსაფრთხოებამ. შესაბამისად, ამ კანონის მიღებით დამარცხდნენ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები. ამ ორი თვის განმავლობაში კანონის შესახებ გავრცელდა უამრავი დეზინფორმაცია. იყო ჭარბი ემოციები, რასაც მხოლოდ ხელოვნური საფუძველი ჰქონდა. თუმცა ახლა კანონი უკვე ძალაშია და ყველამ უნდა ვიმოქმედოთ პრაგმატულად, ცივი გონებით და გვერდზე უნდა გადავდოთ არასაჭირო ემოციები. ეს განსაკუთრებით ეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც ლიბერალურ-ფაშისტური მეთოდებით ცდილობენ გადაფარონ პროტესტის წარუმატებლობით გამოწვეული იმედგაცრუება. ლიბერალური ფაშიზმი არის კლასიკურ ფაშიზმსა და ბოლშევიზმზე არანაკლებ საშიში იდეოლოგია, რომელიც გაუმჭვირვალე ფინანსების მეშვეობით წლებია უკვე ხელოვნურად იმართება ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში. ეს არის აბსოლუტურად შეუთავსებელი ქართულ კულტურასთან. მინდა, ყველას მოვუწოდო გაემიჯნონ ლიბერალურ ფაშიზმს, რომელიც ყველაზე დიდ საფრთხეს, პირველ რიგში, მისი მიმდევრების პიროვნულ განვითარებას უქმნის“,

თქვა საქართველოს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.