აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი რაიან ჰარისი “რადიო თავისუფლებისთვის” მიცემულ კომენტარეში აფასებს ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტას.
მისი თქმით, რომ ბადრი ჯაფარიძის მანდატის ნაადრევად შეწყვეტა პარლამენტს ასუსტებს და კანონის უზენაესობისადმი კითხვებს აჩენს.
“ბადრი ჯაფარიძის მანდატის ნაჩქარევად შეწყვეტა გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ისეთი დანაშაულისთვის, რომელზეც გასული იყო სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა, წარმოშობს კანონის უზენაესობისადმი კითხვის ნიშნებს, ასუსტებს პარლამენტს და ეწინააღმდეგება „ქართული ოცნების” გაცხადებულ მიზანს, პარლამენტში პოლარიზაციის შემცირებასთან დაკავშირებით“, – ამბობს რაიან ჰარისი “რადიო თავისუფლებასთან”.
ცნობისთვის, 15 თებერვალს პარლამენტმა 77 დეპუტატის მხარდაჭერით ბადრი ჯაფარიძეს უფლებამოსილება შეუწყვიტა. ლელო და ოპოზიციის ნაწილი ამას პოლიტიკური ანგარიშსწორების გაგრძელებად აფასებს. მანდატის შეწყვეტის შემდეგ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ შუალედურ არჩევნებზე რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება.