კანონის წინაშე ყველა უნდა ვიყოთ თანასწორი – ელისაშვილი მელიას გირაოზე

მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ნიკა მელიამ გირაო უნდა გადაიხადოს, რადგან “კანონის წინაშე ყველა თანასწორია”.

„კანონის წინაშე ყველა უნდა ვიყოთ თანასწორი, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ხარ, არ ხარ, უნდა იყო თანასწორი.

ცოტა გაუგებარია, რომ იცით რა, თანხას არ გადავიხდი. არ მგონია, რომ მელიას მხარდამჭერებისთვის ან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებისთვის უმჯობესი იყოს, რომ ნიკა მელია გირაოს თანხის არგადახდის გამო იჯდეს ციხეში, ვიდრე იყოს გარეთ. ვინ რის გადახდას აპირებს, სიმართლე გითხრათ ეგ არ ვიცი, ნიკა მელიასგან მოვისმინე. ცოტა ღიმილისმომგვრელი იქნება, გირაოს თანხა რომ არ გინდა გადაიხადო და ვიღაც სხვა გიხდის დაჟინებით.

თვითონ ბრალი არის აბსურდული. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პოლიტიკურად მოტივირებულია, მაგრამ აქ ხომ ამაზე არ არის საუბარი, ბრალის გამო პირდაპირ ჩასმაზე. გირაოს არგადახდის გამო მზად ვარ ციხეში წავიდე – ცოტა რაღაცნაირად უცნაურად ჟღერს“,– ამბობს ელისაშვილი.

დღეს ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადა ეწურება. პროკურატურამ მელია უკვე გააფრთხილა, რომ თუ ის გირაოს არ გადაიხდის, სასამართლოს მიმართავს, რათა აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეეცვალოს.

ნიკა მელია აცხადებს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.