„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია მთავრობის და საპატრიარქოს შეთანხმებას, სააღდგომო ლიტურგიის მრევლთან ერთად ჩატარებასთან დაკავშირებით აფასებს და ამბობს, რომ მთავრობა ფანატიკოსების გამო დანარჩენი მოქალაქეების სიცოცხლეს სწირავს.
„კანონომორჩილი, შეგნებული, მორწმუნე მოქალაქეები მძევლად ჰყავთ უგუნურ, უპასუხისმგებლო ხელისუფლებასა და რელიგიურ ფანატიკოსებს. ხელისუფლებას რელიგიურ ფანატიკოსებთან საარჩევნო და პოლიტიკური კონტრაქტი აქვს და ამიტომ, ამას სწირავს დანარჩენი მოქალაქეების სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას.
ანუ, ყველა დანარჩენი ამ უპასუხისმგებლო მთავრობისა და რეგულიგიური ფანატიკოსების საფასურს იხდის საფრთხეების შესამცირებლად. რადგან რელიგიურ ფანატიკოსებს ვერ ეხებიან, შექმნეს პირობები, როცა ადამიანებმა თვითონ უნდა ჩაიგდონ რისკისა და საფრთხის ქვეშ თავი ამხელა მოძრაობით, რაც მთელი ეს დღეებია ქუჩებში ხალხმრავლობის თვალსაზრისით ხდება. ხალხს სხვა გზა არ დაუტოვეს. რასაც ეს მთავრობა და რელიგიური ფანატიკოსები აკეთებენ, პოლიტიკური ფარსიც არ არის, პოლიტიკური კატასტროფაა,“,-განაცხადა ბოკერიამ.
ის ასევე აღნიშნავს, რომ კორონავირუსის გავრცელების რისკები საოცრად გაზრდილია, რაზეც ხელისუფლება პასუხს პოლიტიკურად აგებს, სასულიერო პირები და საპატრიარქო – მორალურად.
ცნობისთვის, საპატრიარქო და ხელისუფლება შეთანხმდნენ, რომ სააღდგომო ლიტურგია დიდ ტაძრებში მრევლთან ერთად ჩატარდება, ხოლო მცირე ეკლესიებში მრევლი გარეთ იდგება.
საპატრიარქოს განცხადებით, მრევლი ტაძარში 21:00 საათამდე მივა და მას დილის 6 საათის შემდეგ დატოვებს.
ინფექციონისტები მოუწოდებენ მოსახლეობას, არ მივიდნენ ტაძრებში, რადგან არსებობს რისკი, რომ ქვეყანაში კორონავირუსი მასშტაბურად გავრცელდეს.