საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და ახალი კანონპროექტის ინიციატორი, დიმიტრი ხუნდაძე აცხხადებს, რომ კანონპროექტზე სპეკულაციები უადგილოა, რადგან კანონპროექტი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას.
„ასეთი მოსაზრება მცდარია. არსებული საკანონმდებლო ინიციატივა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ იქნება მიღებული, თუკი მას პარლამენტი მხარს დაუჭერს. ასევე, პარლამენტი ამ კანონმდებლობით რა თქმა უნდა, არ წყვეტს თავის საზედამხედველო ფუნქციას, რაც კონსტიტუციით არის განსაზღვრული. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო ინიციატივაში მკვეთრად არის განსაზღვრული ის პირობა, რა შემთხვევაშიც ეს რეგულაციები იმოქმედებს. ეს არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ პანდემიის გამოცხადების შემთხვევაში და ადგილობრივი ბერკეტი ამ სტატუსის გამოცხადებისთვის საკმარისი არ არის.
ასე, რომ სპეკულაციები უადგილოა, ეს კანონპროექტი და ინიციატივა ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს პანდემიას ან საშიში ინფექციების გავრცელებას“,-განაცხადა ხუნდაძემ.
ცნობისთვის, ხვალ ბიუროს სხდომაზე ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” ცვლილებებების პროექტის ინიცირება მოხდება, რაც მთავრობას შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლებას შეზღუდვების გარეშე მისცემს.
პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტი საკარანტინო ღონისძიებებში მოიაზრებს ღონისძიებებს, რომელიც ,,საჯარო დაწესებულებების საქმიანობის, პირთა მიმოსვლის, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის, უკანონო მიგრაციის/საერთაშორისო დაცვის, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრის კანონმდებლობისგან განსხვავებულად მოწესრიგებას, მათ შორის შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას და რომელიც აუცილებელია მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად”.
მისი ინიციატორები არიან ქართული ოცნების დეპუტატები დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ვლადიმერ კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, კობა ნაკაიძე და დიმიტრი მხეიძე.