კანონპროექტი არცერთ ასპექტში არაა იმაზე უხეში, ვიდრე ამერიკული ანალოგი – აცხადებენ ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასული დეპუტატები მათ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე.
“გასული დღეების განმავლობაში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი დაუსაბუთებელი კრიტიკის ობიექტი გახდა, იმ სუბიექტების მხრიდან, რომლებსაც კანონპროექტის წინააღმდეგ მანკიერი ინტერესები ამოძრავებთ. მათ შორის, ჩვენს კანონპროექტს სხვადასხვა კუთხით ადარებენ შესაბამის ამერიკულ და რუსულ კანონებს, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია.[…] ხ აზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამერიკული და რუსული კანონებისაგან განსხვავებით, ჩვენს მიერ ინიცირებული კანონპროექტები სრულად თავსებადია სამართლებრივ სტანდარტებთან, მათ შორის ადამიანის უფლებების კუთხით. […] მაგალითად, როგორც ამერიკული, ისე რუსული კანონი იყენებს ისეთ უხეშ ტერმინს შესაბამისი სუბიექტის განსასაზღვრად, როგორიცაა “უცხოელი აგენტი”. აღნიშნული ტერმინი ნამდვილად შეიცავს სტიგმატიზაციის საფრთხეს. სწორედ ამიტომ, ჩვენი კანონპროექტი ადგენს არა უხეშ, არამედ სათანადო ტერმინს და შესაბამის სუბიექტებს არა უცხოელ აგენტებად, არამედ უცხოური გავლენის აგენტებად მოიხსენიებს. უცხოური გავლენის აგენტი არის სუბიექტი, რომელიც ამა თუ იმ მიზნით და ამა თუ იმ სფეროში საქართველოში უცხოური ძალის ინტერესებისა და შესაბამისად, გავლენის რეალიზებას ემსახურება.
ამერიკული კანონის მიხედვით, უცხოური გავლენის აგენტად შეიძლება იყოს იდენტიფიცირებული როგორც არასამეწარმეო ან სამეწარმეო იურიდიული პირი, ისე ნებისმიერი ფიზიკური პირი, ადამიანი, რაც სტიგმატიზაციის სერიოზულ საფრთხეს შეიცავს. მივიჩნიეთ, რომ ამერიკული კანონის შესაბამისი ნორმები იყო ძალზე უხეში და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან არათავსებადი. შესაბამისად, ჩვენი კანონპროექტი მკაცრად გამორიცხავს ფიზიკური პირის, ანუ ადამიანის იდენტიფიცირებას უცხოური გავლენის აგენტად, თუნდაც ის იმ ორგანიზაციის თანამშრომელი იყოს, რომელიც თავის მხრივ უცხოური გავლენის აგენტად არის რეგისტრირებული.
ამერიკული კანონის მიხედვით, სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად იდენტიფიცირება ხელისუფლების ორგანოების სუბიექტურ განსჯაზეა დამოკიდებული, რაც თვითნებობის სერიოზულ საფრთხეს ქმნის. გარდა ამისა, აშშ-ს ხელისუფლებამ უცხოელ აგენტად შეიძლება დაარეგისტრიროს ნებისმიერი სუბიექტი, თუნდაც, ის უცხოური ძალისგან მხოლოდ ერთ ცენტს იღებდეს. ამერიკული კანონისგან განსხვავებით, რომელიც არც ამ ნაწილშია თავსებადი ადამიანის უფლებების სტანდარტებთან, ჩვენი კანონპროექტი ადგენს მკაფიო და არამანიპულირებად კრიტერიუმებს უცხოური გავლენის აგენტის იდენტიფიცირებისათვის. კერძოდ, უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრირდება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც უცხოური წყაროდან დაფინანსების 20 პროცენტზე მეტს იღებს.
ამერიკული კანონის თანახმად, უცხოური გავლენის აგენტებს ევალებათ არა მხოლოდ საერთო ფინანსური დეკლარაციების წარდგენა, არამედ ნებისმიერი ხელშეკრულების, გარიგების ან თუნდაც, ზეპირი კომუნიკაციის დეკლარირება, რაც ჩვენ ზედმეტად უხეშ ჩარევად მივიჩნიეთ. აქედან გამომდინარე, ჩვენი კანონპროექტი გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტს ითვალისწინებს და უცხოური გავლენის აგენტებს მხოლოდ წლიური ფინანსური დეკლარაციის წარდგენას ავალდებულებს.
გარდა ამისა, ამერიკული კანონით გათვალისწინებული დარღვევები, მათ შორის ფინანსების დეკლარირების ვალდებულების თავიდან არიდება განისაზღვრება სისხლის სამართლის დანაშაულად, რომლისთვისაც ჯარიმა ან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული. მივიჩნიეთ, რომ ამერიკული კანონის შესაბამისი ნორმები უხეშად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების სტანდარტებს. აქედან გამომდინარე, ჩვენი კანონპროექტი შესაბამის კანონდარღვევას განიხილავს მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად და მისი ჩადენისთვის მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმაა გათვალისწინებული. ამასთან, ჯარიმების ოდენობაც ამერიკული კანონით დადგენილ ჯარიმებზე მნიშვნელოვნად ნაკლებია“, – აღნიშნავენ დეპუტატები.