ამერიკის საელჩო საქართველოში პარლამენტის მიერ მიღებულ საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებათა პაკეტს განცხადებით ეხმაურება. საელჩო ცვლილებებს დადებით შეფასებას აძლევს, თუმცა აცხადებს, რომ არსებობს ხარვეზები, რომლებიც ჯერ კიდევ გამოსწორებას საჭიროებს:
“განცხადება ეუთო/ოდირის რეკომენდაციაზე დაფუძნებული საარჩევნო რეფორმების მიღების შესახებ | Statement on the Passage of OSCE/ODIHR-Based Election Reforms
ვულოცავთ პარლამენტს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებზე დაფუძნებული საარჩევნო პაკეტის მიღებას. მთელი წლის განმავლობაში პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება და სამთავრობო უწყებები კონსტრუქციულად მუშაობდნენ კანონპროექტის შემუშავებაზე, რომელიც მიმართულია საქართველოს საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებაზე. ამერიკის საელჩომ სიამოვნებით დაუჭირა მხარი პარლამენტის თავმჯდომარე თალაკვაძის ხელმძღვანელობით ჩატარებულ ინკლუზიურ საარჩევნო რეფორმებზე მომუშავე ჯგუფის დისკუსიებს, მათ შორის საერთაშორისო ექსპერტების კონსულტაციების დაფინანსებას, რომლებმაც ეუთო/ოდირის და სხვა დამკვირვებლების ანგარიშებში აღნიშნული ძირითადი ნაკლოვანებების გამოსასწორებლად პრაქტიკული რეკომენდაციები მოამზადეს.
მიღებული კანონი შეიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას. მათ შორისაა, საჯარო სამართლის პირებისთვის სამუშაო საათებში საარჩევნო კამპანიის აკრძალვა, კამპანიის დაფინანსების განახლებული რეგულაციები, ზომები ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გასაზრდელად და უფრო მეტი გამჭვირვალობისთვის, მესამე მხარის დაფინანსების წესების განმტკიცება.
თუმცა, კანონში ზოგიერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი ისევ რჩება. ჩვენი აზრით, დამატებითი ზომების შემოღება ამომრჩევლის შესაძლო დაშინების წინააღმდეგ, საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, დავის გადაჭრის პროცესის განმტკიცება და COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ალტერნატიული კამპანიის მეთოდების შესაძლებლობის უზრუნველყოფა ხელს შეუწყობდა საზოგადოებრივი ნდობის გაზრდას საარჩევნო პროცესებისადმი ამ შემოდგომაზე.
დღეს მიღებული კანონი უნდა განხორციელდეს ეფექტურად, რათა მომავალი საპარლამენტო არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე, რაც ასახავს ქართველი ხალხის ნებას. როგორც ყოველთვის, ამერიკის საელჩო ყურადღებით დააკვირდება არჩევნებს და მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს დემოკრატიულ წინსვლას.“–ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.