ქალი, რომელიც აშშ-ს კონგრესის შენობაზე შტურმის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობის გამო გარდაიცვალა, 35 წლის ეშლი ბაბიტია. ის აშშ-ს საჰაერო ძალებში 14 წლის განმავლობაში მსახურობდა. ინფორმაციას The Washington Post აქვეყნებს.
მისი ყოფილი მეუღლის, ტიმოთი მაკინტის თქმით, ტრამპის მხარდამჭერი ეშლი ბაბიტი სან დიეგოში დაიბადა და გაიზარდა, სამსახურეობრივ საქმიანობას ავღანეთსა და ერაყში ასრულებდა, შემდეგ კი მცირე ბიზნესი წამოიწყო.
“არასდროს დაგავიწყდებოდათ მასთან შეხვედრა. ის იყო საზრიანი და თავის შეხედულებებში დარწმუნებული, ამავე დროს მზრუნველი, ტკბილი და მოსიყვარულე”,– ამბობს ყოფილი მეუღლე და აღნიშნავს, რომ მას არასდროს ეშინოდა საკუთარი აზრის გამოხატვის და ალბათ სწორედ ეს იყო აქციაზე გასვლის მიზეზიც.
ეშლი ბაბიტი 6 იანვარს, ნაშუადღევს საავადმყოფოში გულ–მკერდის ჭრილობით გადაიყვანეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. შემთხვევის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ცნობისთვის, გუშინ, აშშ-ის დროით 14:30 საათზე კაპიტოლიუმთან შეკრებილმა ტრამპის მხარდამჭერებმა ბარიკადები გაარღვიეს და შენობაში შეიჭრნენ.
ვაშინგოტნის პოლიციის ცნობით, შტურმს სულ 4 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა რამდენიმე სამართალდამცავიც. აშშ–ის არმიამ სიტუაციის დეესკალაციის მიზნით კაპიტოლიუმში ვაშინგტონის ნაციონალური გვარდია შეიყვანა. მათ 52 დემონსტრანტი დააკავეს.
მას შემდეგ რაც კაპიტოლიუმში ვითარება განიმუხტა, კონგრესმა ჯო ბაიდენი პრეზიდენტად ოფიციალურად დაამტკიცა. პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.