პოლიციის ოფიცერი, რომელიც კაპიტოლიუმში მომიტინგეების შეჭრისას დაშავდა, გარდაიცვალა.
აშშ-ს კაპიტოლიუმის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბრაიან სიქნიკი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, მომიტინგეებთან ფიზიკური დაპირისპირების დროს მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. იგი კაპიტოლიუმის პოლიციაში 2008 წლიდან მსახურობდა.
6 იანვარს აშშ-ის კაპიტოლიუმთან შეკრებილმა ტრამპის მხარდამჭერებმა ბარიკადები გაარღვიეს და შენობაში შეიჭრნენ.
ვაშინგტონის პოლიციის ცნობით, შტურმს 4 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა რამდენიმე სამართალდამცავიც. აშშ–ის არმიამ სიტუაციის დეესკალაციის მიზნით კაპიტოლიუმში ვაშინგტონის ნაციონალური გვარდია შეიყვანა. მათ 52 დემონსტრანტი დააკავეს.
მას შემდეგ რაც კაპიტოლიუმში ვითარება განიმუხტა, კონგრესმა ჯო ბაიდენი პრეზიდენტად ოფიციალურად დაამტკიცა. პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.