კაპიტოლიუმში შეჭრისას ტრამპის მხარდამჭერს ხელში საქართველოს დროშა ეჭირა

გუშინ, 6 იანვარს ტრამპის მხარდამჭერი, რომელიც კაპიტოლიუმის წინ დემონსტრაციაში იღებდა მონაწილეობას, საქართველოს დროშას აფრიალებდა. ფოტო სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

მომხმარებლების აზრით, მამაკაცმა ჯორჯიის შტატის დროშის ნაცვლად, შეცდომით საქართველოს დროშა იყიდა.

გუშინ, აშშ–ის დროით 14:30 საათზე კაპიტოლიუმთან შეკრებილმა ტრამპის მხარდამჭერებმა ბარიკადები გაარღვიეს და შენობაში შეიჭრნენ. ისინი კონგრესს მოუწოდებდნენ, არ ეღიარებინათ ჯო ბაიდენი პრეზიდენტად.

კონგრესზე შტურმის დროს ერთი ქალი გულ-მკერდის არეში დაიჭრა და გარდაიცვალა. ვაშინგოტნის პოლიციის ცნობით, შტურმს კიდევ 3 ადამიანი ემსვერპლა. დაშავდა რამდენიმე სამართალდამცავიც. აშშ–ის არმიამ სიტუაციის დეესკალაციის მიზნით კაპიტოლიუმში ვაშინგტონის ნაციონალური გვარდია შეიყვანა.

აშშ–ს დედაქალაქში 15 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამ დროისთვის კაპიტოლიუმის შენობაში სიწყნარეა და კონგრესის სხდომა მიმდინარეობს.