კარანტინის დროს ეკლესია დემონსტრაციულად არღვევს წესებს, ხელისუფლება არ რეაგირებს – კახიძე

,,ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე აცხადებს, რომ სრული კარანტინის პირობებში ეკლესია დემონსტრაციულად არღვევს წესებს, ხელისუფლება კი ამ დარღვევაზე დემონსტრაციულად არ რეაგირებს.

მისი თქმით, ასეთი უსამართლობა სახელმწიფოს ძირს უთხრის.

,,იმას, რაც საქართველოში ხდება, სხვაგან ვერ ნახავთ. სრული კარანტინის დროს ეკლესია დემონსტრაციულად არღვევს წესებს, ტაძრებში კრებს ხალხს, რომელთაც აზიარებს საერთო კოვზით, აკოცნინებს ჯვრებსა და ხატებს.

ამაზე ხელისუფლება ასევე დემონსტრაციულად არ რეაგირებს, სამაგიეროდ, აჯარიმებს ოჯახის წევრებს, კეტავს პარკებს და მაღაზიებს, ზომავს სიცხეს…

ასეთი აშკარა უსამართლობა კანონის უზენაესობას და შესაბამისად, სახელმწიფოს ძირს უთხრის.

ლოგიკურად, უნდა ვიფიქროთ, რომ ხელისუფლებას ეს ამბავი აწუხებს, მაგრამ…

შეგახსენებთ, რომ ამ ქვეყნის მმართველი ივანიშვილისთვის საქართველო არ არის სახელმწიფო, ის არის მისი სამშობლო, ცვრიანი ბალახი, მთა, მდელო, ხე და დენდრო პარკი.

ამიტომ აქებენ გომელაური და წულუკიანი ეკლესიას, რადგან მათ არ აინტერესებთ სახელმწიფო ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა. რადგან ასეთია ბიძინას დაკვეთა”,- წერს კახიძე.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის, კარანტინისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, მართლმადიდებელი ეკლესია წირვა-ლოცვას და ერთ კოვზით ზიარებას აგრძელებს. საპატრიარქო აცხადებს, რომ სააღდგომო ლიტურგია ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება, პატრიარქი ილია მეორე კი ლიტურგიაზე აღდგომის წინა ღამეს, კომენდანტის საათის დრო, 23:00 საათზე მივა და ლიტანიობა ამ დროს დაიწყება. დღეს არქიდიაკონმა დემეტრემ სამებაში შეკრებილ მრევლს ვნების კვირეულის განრიგი გააცნო.