სავალდებულო კარანტინმა და სხვა შემზღუდავმა ზომებმა, რომლებიც თითქმის ყველა ევროპულმა სახელმწიფომ შემოიღო უკვე შეამცირა კორონავირუსის პოტენციურ მსხვერპლთა რიცხვი თითქმის 60 ათასი ადამიანით. თუმცა შესაძლოა მარტის ბოლოსთვის გარდაცვლილთა რიცხვი ამაზე ორჯერ მეტიც ყოფილიყო.
ასეთ დასკვნამდე მივიდა ლონდონის იმპერიალ კოლეჯის მეცნიერთა გუნდი მისი ბოლო კვლევისას, რომელიც სამშაბათს ჟურნალ Nature–ში გამოქვეყნდა.
თანაც, საქმე ეხება მხოლოდ დასავლეთ ევროპის 11 ქვეყანას. ზოგადევროპული და მითუმეტეს, მსოფლიო მაშტაბით საქმე ეხება ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლეს, რომლებიც შესაძლოა დაღუპულიყვნენ, რომ არა პანდემიის შესაკავებლად მიღებული ზომები.
სამშაბათსვე გამოჩნდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუბლიკაცია ჟურნალ Lancet–ში. აქ მოყვანილია ახალი, დღეისათვის ყველაზე ზუსტი მონაცემები დაავადების მიმდინარეობის შესახებ და არცთუ ოპტიმისტური სტატისტიკა.
კერძოდ, სტატიის ავტორებმა გამოითვალეს, რომ Covid19-ის პირველი სიმპტომების გამოჩენიდან სრულ გამოჯანმრთელებამდე საშუალოდ თითქმის 3.5 კვირაა საჭირო.
იმპერიალ კოლეჯის მკვლევარები წინა კვლევაში, რომელიც 26 მარტს გამოქვეყნდა ამტკიცებდნენ, რომ შეკავების ზომების გარეშე კორონავირუსი პრაქტიკულად პლანეტის ყველა მაცხოვრებლამდე მიაღწევდა და თითქმის 7 მილიარდ ადამიანს დააინფიცირებდა. ასეთ შემთხვევაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 40 მილიონი იქნებოდა.
თუმცა, დაავადებულთა და დაღუპულთა შესახებ ბოლო მონაცემების შესწავლის შემდეგ ევროპის 11 ქვეყანაში, მათ შორის იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში – მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეპიდემიის ზრდა თითქმის ორი მესამედით შემცირდა.
ზოგან ის კლებისკენაც წავიდა, ანუ ვირუსის კვლავწარმოება (ჯანმრთელი ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც საშუალოდ აინფიცირებს თითო ინფიცირებული) 1–ზე დაბლა დაეცა.
შედეგად, ევროპამ უკვე მოახერხა დაახლოებით 59 000 ადამიანის გადარჩენა, რომლებიც წინააღმდეგ შემთხვევაში კორონავირუსით მარტის ბოლომდე დაიღუპებოდნენ. გადარჩენილი ადამიანების მინიმალური რაოდენობა 21 000–ია, მაქსიმალური კი 120 000.
ანგარიშის ავტორები ამტკიცებენ, რომ ეს შესაძლებელი გახდა მკაცრი შემზღუდავი ზომების შედეგად: სკოლების დახურვის, მასობრივი შეკრებების აკრძალვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის, და მთლიანობაში, ადამიანების გადაადგილების შეზღუდვის, სავალდებულო კარანტინის, თვითიზოლაციის რეჟიმის შემოღების და სხვა ზომების გამო.
ნაშრომში ცალკეა ხაზგასმული, რომ ჯერჯერობით შეუძლებელია დადგენა, ზუსტად რომელმა შეზღუდვებმა იქონია ყველაზე დიდი გავლენა ეპიდემიის კლებაზე. თუმცა ჯამში მიღებული ზომები სრულიად აშკარა შედეგს იძლევა.
იტალიაშიც კი, სადაც კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 12 000–ს გადააჭარბა, შეზღუდვის ზომების გარეშე მსხვერპლის რიცხვი დაახლოებით 50 000–ს მიაღწევდა, ამტკიცებენ კვლევის ავტორები.
ამასთან, იმასაც აღნიშნავენ, რომ ხანგრძლივი საინკუბაციო პერიოდის გამო შემზღუდავი ზომების ეფექტის შეფასება ბევრ ქვეყანაში სრულყოფილად მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ იქნება შესაძლებელი. თუმცა, თუ ამჟამინდელი ტენდენცია შენარჩუნდება, მეცნიერების დასკვნით ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს.
კორონავირუსის პანდემია იმდენად ცოტა ხანია და იმდენად სწრაფად ვრცელდება, რომ სამეცნიერო პუბლიკაციების უდიდესი უმრავლესობა ამ თემაზე საკმაოდო ფარგმენტულ და ნაკლებად რეპრეზენტატიულ ინფორმაციას ეყრდნობა.
ჯერჯერობით ძალიან ცოტა ვიცით როგორც თავად ვირუსზე, ასევე მის მიერ გამოწვეულ დაავადებაზე: როგორ მიმდინარეობს ის, რამდენ ხანს გრძელდება, რა გართულებებს იწვევს და ადამიანების რა კატეგორიისთვის არის ყველაზე საშიში.
31 მარტს ჟურნალ Lancet –ში გამოქვეყნებულ სტატიაში ფაქტიურად პირველი სარწმუნო მონაცემებია მოყვანილი, რომლებიც ზოგიერთ ამ კითხვაზე პასუხს იძლევა.
ნაშრომის ავტორებმა გულდასმით შეისწავლეს რამდენიმე ათასი პაციენტის ავადმყოფობის ისტორია (ჩინეთიდან და 37 სხვა ქვეყნიდან), რომლებიც ან გამოჯანმრთელდნენ და საავადმყოფოდან გამოეწერნენ, ან კორონავირუსის მსხვერპლთა სტატისტიკას დაემატნენ.
პირველი სიმპტომების გამოვლენიდან ლეტალურ დასასრულამდე საშუალო ვადა თითქმის 18 დღეა. გამოჯანმრთელებამდე – თითქმის 25 დღე, ანუ 3.5 კვირა.
ამ მონაცემების გათვალისწინებით უფრო გასაგებია, რატომ არის რომ ეპიდემიის დაწყებიდან სამი თვის თავზე დადასტურებულია 800 000–ზე მეტი შემთხვევა, თუმცა გამოჯანმრთელებულია მხოლოდ 170 000 ადამიანი და დაღუპულია 40 000.
დანარჩენი თითქმის 600 000 ინფიცირებული ჯერ კიდევ ავად არის, რადგან ბოლო 3 კვირის განმავლობაში დაინფიცირდნენ. 10 მარტისთვის მსოფლიოში 120 000–ზე ნაკლები შემთხვევა იყო დაფიქსირებული.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, რომელიც კვლევაშია მოყვანილი, ეს არის სიკვდილიანობის დაზუსტებული მაჩვენებელი. ჩინეთში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში დაინფიცირებულთა 1.5 % გარდაიცვალა – ეს მონაცემი ბევრად ნაკლებია მანამდე ჩატარებულ კვლევებში მოყვანილ წინასწარ გაანგარიშებებთან შედარებით.