ფილტვების გასასინჯად ტანსაცმლის გახდა მოსთხოვა, კარანტინში მყოფი ქალი ექიმმა სექსუალურად შეავიწროვა – ბაია პატარაია

ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია „საფარის“ წარმომადგენელი ბაია პატარაიას თქმით, კარანტინში ექიმმა ახალგაზრდა ქალი სექსუალურად შეავიწროვა.

პატარაია ყვება, რომ ქალი ექიმმა ვირუსის გამო შეამოწმა, რა დროსაც მას ტანსაცმლის გახდა მოსთხოვა და სახსრების გასინჯვა დაუწყო, რაც კორონავირუსის შემოწმების დროს საჭირო არ არის. გასინჯვის დროს ექიმი ქალს რამდენჯერმე ,,არასასიამოვნოდ შეეხო.”

„მარტის ბოლოს, კარანტინში მოთავსებული იყო ახალგაზრდა ქალი, რომელიც შეამოწმა ექიმმა. რეალურად სექსუალურ შევიწროვებას ჰქონდა ადგილი. კერძოდ, ექიმმა ქალს ტანსაცმლის გახდა მოსთხოვა, რათა ფილტვებზე მოესმინა. გოგონამ სრულ გაშიშვლებაზე უარი განაცხადა. ფილტვების მოსმენის შემდეგ, როდესაც ბიუსჰალტერი შეუხსნა და პაციენტს დაწოლა მოსთხოვა, რათა დაწოლილ მდგომარეობაში გაესინჯა სახსრები. ამ პროცესში, როდესაც „სახსრებს“ უსინჯავდა არაერთხელ ჰქონდა არასასიამოვნო შეხებას ადგილი.

მთავარი არის ის რომ კარანტინში გადაყვანილი ადამიანები რომლებსაც არაფერი არ აწუხებთ და მხოლოდ ვირუსზე მოწმდებიან, ამ შემთხვევაში სახსრების შემოწმება საჭირო არაა. მე მქონდა საშუალება შევხმიანებოდი რამდენიმე ექიმს, რომლებიც ამ საკითხში ერკვევიან და ყველასთვის გასაკვირი აღმოჩნდა ეს ფაქტი. ასე არ ხდება ვირუსზე შემოწმება”,- ამბობს ბაია პატარაია.

ის ასევე აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველმა სამედიცინო რეგულირების სააგენტოს მიმართა, რომელიც პასუხისმგებელი ორგანოა იმ შემთხვევებზე, როდესაც ექიმი არაეთიკურად იქცევა, თუმცა, როგორც ,,საფარის” წარმომდგენელი ამბობს, სააგენტოში ამბობენ, რომ ბევრი საქმე აქვთ და ამ შემთხვევას სათანადო ყურადღებას ამ ეტაპზე არ უთმობენ.

,,მინდა მივმართო საზოგადოებას, პირველ რიგში ჯანდაცვის სამინისტროს და სამედიცინო რეგულირების სააგენტოს, რომ უფრო ეფექტურად იმუშაოს და აქტიურად ჩაერთოს ამ საკითხში. ვფიქრობ, რომ ეს ექიმი აუცილებლად უნდა იყოს ჩამოშორებული საქმიანობას ომბუდსმენის მიერ, ვინაიდან ის სხვა პაციენტებისთვის საფრთხეს წარმოადგენს“, – განაცხადა ბაია პატარაიამ.