კარანტინში გადაყვანილი პირი, რომელიც ბათუმში, სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადახტა, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. იგი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალიდან თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში წუხელ გადაიყვანეს.
პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
„წუხელ ღამით, დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი თბილისში რეანომობილით გადაიყვანეს. იგი უგონო მდგომარეობაში იყო, მას მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება“, – აცხადებენ კლინიკაში.
ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროს საკარანტინო სივრცეში გადაყვანილი პირი მეოთხე სართულიდან გადახტა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.