საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე ვოლოდიმერ ზელენსკის კრიტიკას პასუხობს. მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა “კარგად უნდა გაითავისოს”, რომ უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში ისე ექცევიან, როგორც არსად.
“ჩემი აზრით, არ არის ალტერნატიული ქვეყანა, სადაც ისე ექცეოდნენ უკრაინის მოქალაქეებს, როგორც ჩვენთან დღეს. ესეც, რა თქმა უნდა, კარგად უნდა გაითავისოს”,– თქვა ბურჭალაძემ.
მისივე შეფასებით, საქართველოდან ელჩის გაწვევა შეცდომა იყო.
“რაც უფრო სწრაფად დავივიწყებთ ჩვენ თუ რამე წყენა გვაქვს, უფრო სწრაფად განვითარდება ჩვენი ქვეყნები და მშვიდობა დადგება”, – განაცხადა მინისტრმა.
მან სანქციებთან დაკავშირებითაც დააფიქსირა პოზიცია და განმარტა, რომ “ფორმულირება, რომ საქართველო სანქციებს არ უერთდება, არ არის სწორი”.
“ყველა კრიტიკულ სანქციას საქართველო შეუერთდა, ეს იქნება გაერო, ევროსაბჭო თუ კიდევ სხვა სანქცია და იმ სანქციებს, რაც არანაირი ეფექტს არ მოახდენს აგრესორზე და მხოლოდ დაიჩაგრება ჩვენი მოსახლეობა, რა თქმა უნდა, არ არის გონივრული რომ ჩვენ შევუერთდეთ”, – აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.