“გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ყოფილი თანაგუნდელის, იაგო ხვიჩიას მოსაზრებას აფასებს, რომლის მიხედვით, თუ ქართული ოცნება სრულად პროპორციულ, ბუნებრივი ბარიერით არჩევნებზე დათანხმდება, პარტია გირჩის წევრები პარლამენტში შევლენ.
ჯაფარიძის შეფასებით, ეს იდეა არარეალურია, რადგან მასზე არც ხელისუფლებაა თანახმა და არც ოპოზიცია.
“ეგეთი იდეები შემიძლია გავაჟღერო მილიონი. კარგი იქნება, რომ მარსის ათვისებას რომ დაიწყებს ილონ მასკი, საქართველოს იქ ჰქონდეს პატარა მიწის ნაჭერი. ფანტასტიკური იდეაა, უბრალოდ განუხორციელებელია. ასეთივე განუხორციელებელია ეგ იდეა. ორი მიზეზის გამო: არ არის ოპოზიციის თანხმობა, რომ მხოლოდ და მხოლოდ მაგ პირობის გამო ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში და მაგაზე არ არის ხელისუფლების მხრიდან თანხმობა.
მე პირადად მქონდა კობახიძესთან მაგაზე კამათი, სადაც ვითხოვდი სრულად პროპორციულს და ის არ მოდიოდა 4:1–ზე პროპორციის იქით. არარეალურია, არც იქითა მხარეა მაგაზე თანახმა და არც აქეთა. “მე უბრალოდ მინდა კარგი რაღაცა ქვეყნისთვის” – ბევრი რამე მინდა კარგი, მაგრამ ჩემი აზრით, ამ წუთში ყვირილი იმაზე, რაც არარეალურია, ერთადერთი რაც მოაქვს, დისონანსია”,– ამბობს ჯაფარიძე ტვ პირველის ეთერში.
მანვე აღნიშნა, რომ შეგიძლია არარეალისტურ იდეებზე ისაუბრო, ხოლო შემდეგ, როცა არ დაგთანხმდებიან, “შეტრიალდე და აგინო”, მაგრამ შედეგს ვერ დადებ.
გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ თუ ქართული ოცნება დათანხმდება, რომ შემდეგი არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და ბუნებრივი ბარიერით ჩატარდეს, პარლამენტში შევლენ.