კარგი იქნება, წიგნის განხილვა შედგეს ღიად, მედიის დასწრებით – ლაშა ბაქრაძე

ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი, ლაშა ბაქრაძე აცხადებს, რომ კარგი იქნება, თუ მასსა და თეა წულუკიანს შორის ელენე ბაქრაძის (დარიანი) წიგნთან დაკავშირებული დისკუსია ღიად გაიმართება.

“როგორც ქალბატონმა თეა წულუკიანმა ბრძანა, ჩვენს მიერ გამოცემული წიგნი „ელენე ბაქრაძე (დარიანი) – მოგონებები, წერილები, დღიურები, ლექსები“ „სერიოზული განხილვის“ საგანი უნდა გახდეს.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვფიქრობ, კარგი იქნება ეს განხილვა შედგეს ღიად და გამჭვირვალედ, საჯარო სივრცეში, დაინტერესებული მედიის დასწრებით – ლიტერატურის მუზეუმში ან მაგ. მწერალთა სახლში, მაგრამ თუ ეს მიუღებელია – სატელევიზიო ლაივ გადაცემაში, იქ სადაც ქალბატონი თეასთვის კომფორტული გარემო იქნება – პირველ არხზე ან თუნდაც იმედზე.

მე კოვიდ იზოლაცია დღეს დამიმთავრდა და ხვალ ვაპირებ სამინისტროში შეხვედრაზე მისვლას აუდიტთან, სადაც ხაზგასმით ცალკე, ჩემთვის შეუტყობინებლად, არის დაპატიჟებული ჩემი მოადგილე და წიგნის რედაქტორი ქალბატონი თეა თვალავაძე.

ყოველი შემთხვევისათვის, თან ვურთავ 11 იანვრის ლაბორატორიული კვლევის შედეგს კოვიდის „მომიზეზებასთან“ დაკავშირებით”,– წერს ლაშა ბაქრაძე Facebook-ზე.

 

ცნობისთვის, 17 იანვარს კულტურის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ 31 დეკემბრის შემდეგ სამინისტროს “არაერთმა სამართლიანად აღშფოთებულმა მოქალაქემ” მიმართა იმის გამო, რომ ქართული ლიტერატურის მუზეუმმა გამოსცა ელენე ბაქრაძის (დარიანი) წიგნი, სადაც ხსენებული ავტორის კუთვნილებად გამოცხადებულია ანა კალანდაძის ორი ლექსი.

წულუკიანის უწყების განცხადებით, ლაშა ბაქრაძესთან “სერიოზულ განხილვებს” გეგმავენ.