“კარგო ქართველო ხალხო, ჩვენი განზრახვა არასდროს ყოფილა ვინმეს შეურაცხყოფა!“– The Killers ბოდიშს იხდის

ამერიკული როკ ჯგუფი The Killers ქართველ მაყურებელს ბოდიშს უხდის. განცხადება ამის შესახებ ჯგუფის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

“კარგო ქართველო ხალხო, ჩვენი განზრახვა არასდროს ყოფილა ვინმეს შეურაცხყოფა! ჩვენ გვაქვს დიდი ხნის ტრადიცია, დავპატიჟოთ ხალხი აუდიტორიიდან დრამზე დასაკრავად და სცენიდან ჩანდა, თითქოს დარბაზის  თავდაპირველმა პასუხმა აჩვენა, რომ ისინი თანახმა იყვნენ დღევანდელი საღამოს მაყურებელი  ჩვენთან ერთად გამოსულიყო სცენაზე. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ კომენტარი, რომელიც უშვებდა იმის ვარაუდს, რომ The Killers-ის ყველა მაყურებელი და თაყვანისმცემლები არიან „ძმები და დები“, შეიძლება არასწორად იქნას გაგებული. ჩვენ არ გვინდოდა ვინმეს გაღიზიანება და ბოდიშს ვიხდით. ჩვენ ვდგავართ თქვენთან და ვიმედოვნებთ, რომ მალე დავბრუნდებით. – The Killers– წერს ჯგუფი ფეისბუქ გვერდზე.

The Killers-ის სოლისტმა 15 აგვისტოს Black sea arena-ზე გამართულ კონცერტზე სცენაზე დარბაზიდან მიიწვია რუსი დრამერი, რამაც მაყურებლის უკმაყოფილება გამოიწვია. დარბაზში სტვენა და ხმაური დაიწყო. აუდიტორიის ნაწილმა დარბაზი დატოვა. The Killers-მა რუს დრამერთან ერთად ერთი სიმღერა დაუკრა.
The Killers-ის სოლისტი ამბობს, რომ ის ყველას ძმებად თვლის და არ ემხრობა ხალხის დაშორებას ქვეყნებისა და საზღვრების გამო. ამას დარბაზის ნაწილის მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.