კარვების კანონის განხილვის პარალელურად, პარლამენტთან აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს. დემონსტრანტებმა, ამით მათ პროტესტი გამოუცხადეს “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებულ რუსულ კანონპროექტს, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც აქციებზე სხვადასხვა ტიპის კონსტრუქციების, მათ შორის კარვების გაშლა აიკრძალება.
პროტესტი პარლამენტის სხდომის პარალელურად მიმდინარეობს, სადაც დეპუტატები “შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებზე მეორე მოსმენით მსჯელობენ.
ცვლილებების მიხედვით, საპროტესტო აქციებზე კარვებისა და დროებითი კონსტრუქციების მოწყობა აიკრძალება “თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების, ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება”. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ჯარიმა 500 ლარია, ხოლო მკაცრი მიდგომისას 15 დღემდე თავისუფლების აღკვეთაა.
კანონპროექტში ოცნების დეპუტატები აზუსტებენ, რომ თუ კანონდამრღვევი ორგანიზატორი აღმოჩნდება, მაშინ მას დანაშაულის გამოსყიდვა მეტად მკაცრი – 5 000 ლარიანი ჯარიმით ან 15-დღიანი პატიმრობით მოუწევს.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში რეგულაციების გამკაცრების მიზეზად 18 სექტემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაკეთებული განცხადებაა მოყვანილი. სუს-ის მტკიცებით, გარკვეული ჯგუფები საქართველოში “ოქტომბერ-დეკემბერში დესტაბილიზაციას და ე.წ. კარვების ქალაქის გაშენებას გეგმავდნენ”.
კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან ქართული ოცნების დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ბერაია, გივი მიქანაძე, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე.
“ქართული ოცნება” კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს.