საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი 9 აპრილის ტრაგედიიდან 32-ე წლისთავს ეხმაურება და წერს, რომ ამ მემკვიდრეობას ყველამ პატივი უნდა სცეს.
“9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა! 1989 წლის ამ დღეს საქართველომ დიდი მსხვერპლი გაიღო და ყველამ პატივი უნდა სცეს ამ მემკვიდრეობას”, – აცხადებს ჰარცელი.
1989 წლის 9 აპრილს რუსთაველზე დამოუკიდებლობის მოთხოვნით შეკრებილი მშვიდობიანი მოქალაქეები საბჭოთა ჯარმა იარაღით, ბარებითა და მომწამლავი ნივთიერებებით დაარბია. დარბევის დროს 21 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
1991 წლის 9 აპრილს, 2 წლის შემდეგ, რუსეთის არმიის მიერ მოკლულთა პატივსაცემად, საქართველოს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.