კატა პალმერსტონი, რომელიც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მთავარი თავგებზე მონადირის პოსტს იკავებდა, პენსიაში გავიდა და საცხოვრებლად სოფლად გადაბარგდა, სადაც კორონავირუსის პანდემიის გამო ბოლო რამდენიმე თვე გაატარა. ამის შესახებ ბიბისი წერს. ტვიტერზე პალმერსტონის ოფიციალურ ექაუნთზე განთავსდა მისი განცხადება გადადგომის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, საიმონ მაკდონალდის სახელზე.
“საგარეო საქმეთა სამინისტროში მთავარი თაგვებზე მონადირის თანამდებობაზე მუშაობის დაწყებიდან ოთხი წლის შემდეგ მოვიდა დრო პენსიაზე გავიდე, რათა შევძლო დასვენება საყოველთაო ყურადღებისგან შორს“ – ნათქვამია დოკუმენტში.
ბრიტანეთში მარტის ბოლოს გამოცხადებული კარანტინის დროს კატა ლონდონის ცენტრიდან სამინისტროს თანამშრომლის ქალაქგარეთ მდებარე სახლში გადაიყვანეს. სწორედ იქ დარჩება ის ამიერიდან საცხოვრებლად.
“ძალიან მომწონს ხეებზე აძვრომა, ჩემი ახალი სოფლის სახლის გარშემო მინდვრებში სეირნობა. ჩემს ახალ სახლში ოჯახი ჩემზე ზრუნავს. რა თქმა უნდა, მომწონს ოფისის ხმაური და აურზაური… თუმცა ასაკთან ერთად აუცილებელია დიპლომატიურ საქმეებს ჩამოვშორდე და საკუთარ თავზე ვიფიქრო“– ნათქვამია გადადგომის განცხადებაში.
ფორინ ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე, საიმონ მაკდონალდი ტვიტერზე წერს, რომ სამინისტროს თანამშრომლებს პალმერსტონი ძალიან მოენატრებათ.
“პალმერსტონი ბატერსის თავშესაფრიდან მოვიდა, თაგვების დაჭერა დაიწყო და სოციალურ ქსელებში ფენომენად იქცა. მას ტვიტერზე უკვე 105 000 ხელმომწერი ყავს. ჩვენთან მოსვლიდან 4.5 წლის შემდეგ, აგვისტოს ბოლოს ის პენსიაზე გადის. მას ისე მოეწონა კარანტინის დროს ქალაქგარეთ, რომ გადაწყვიტა იქ დარჩეს.“ –წერს მაკდონალდი.
პალმერსტონი ძაღლების და კატების თავშესაფრიდან აიყვანეს, რომელიც ლონდონის ბატერსის რაიონში მდებარეობს. მას სახელი ბრიტანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის და პრემიერ მინისტრის ჰენრი პალმერსტონის პატივსაცემად დაარქვეს.
ამ თავშესაფრის კიდევ ერთი ბინადარი კატა ლარია, რომელიც პრემიერ მინისტრის რეზიდენციაში დაუნინგ სთრითზე ცხოვრობს. კატებს ერთმანეთთან რთული ერთიერთობები ჰქონდათ და ხშირად ჩხუბობდნენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში გადასვლის შემდეგ პალმერსტონმა ერთხელ ცოტა ხნით ლარის კანონიერ ტერიტორიაზე შეღწევაც მოახერხა–პრემიერის რეზიდენციაში. მან იმით ისარგებლა, რომ კარი ღია იყო, თუმცა მალევე ოფისიდან პოლიციამ გამოიყვანა.
ბრიტანეთის ოფიციალურ რეზიდენციებში კატების ყოლის ტრადიცია ჯერ კიდევ მეთხუთმეტე საუკუნეში ჩამოყალიბდა. მათ თაგვებზე მონადირის ოფიციალური სტატუსი აქვთ და წელიწადში 100 ფუნტის ოდენობის ხელფასს იღებენ.