ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე ითხოვს გირჩი – მეტი თავისუფლების წევრის, იმედა კლდიაშვილის გათავისუფლებას.
მისი თქმით, კლდიაშვილი აკვირდებოდა პროცესს, როდესაც ქუთაისის 90-ე უბნის კომისიის წევრმა გაყალბების სქემის მათთვის გადაცემა გადაწყვიტა, თუმცა სუს-მა მასზე და მის ოჯახის წევრებზე მუქარა დაიწყო.
დეკანოიძე აღნიშნავს, რომ სწორედ ამ ფაქტის გაპროტესტების გამო, იმედა კლდიაშვილი უკანონოდ დააკავეს.
“მას შემდეგ რაც ეუთო-ოდირის წარმომადგენლებთან დაინიშნა შეხვედრა ამ რეპრესიებთან დაკავშირებით, კვლავ სუს-ის შანტაჟით ამ ოჯახმა გამოიარა ისევ ის უბედურება რაც გუშინ და გუშინწინ და ეს შეხვედრა არ შედგა. ამის შემდეგ იმედამ გადაწყვიტა, გაეპროტესტებინა ეს ფაქტი სუს-ის შენობასთან, არაფერი უკანონო არ გაუკეთებია, მაგრამ სუს-მა, პოლიციამ ყოველგვარი კანონის დარღვევით გადმოათრიეს მანქანიდან, დააკავეს და მთელი ღამის განმავლობაში არ გვქონდა საშუალება გაგვეგო, სად იმყოფებოდა იმედა კლდიაშვილი
მისი პროტესტი ემსახურებოდა შანტაჟსა და უბედურებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა ამ ოჯახის მიმართ და ზოგადად არჩევნების გაყალბებას, სადაც ძალიან დიდი როლი ითამაშა სუს-მა. სუს-ი, როგორც რეპრესიული მანქანა, აგრძელებს ამ რეპრესიებს. შესაბამისად, დღეს არის სასამართლო და ეს სასამართლო იქნება ისეთი, როგორ დავალებასაც მიიღებს იგი სუს-იდან და პოლიციიდან. ეს იყო უკანონო დაკავების ფაქტი. შესაბამისად, მე როგორც პირველ რიგში მისი მეგობარი, კატეგორიულად მოვითხოვ, ყოველგვარი პროცედურული წესების დაცვით, ადამიანი გათავისუფლდეს”,– აცხადებს დეკანოიძე ბრიფინგზე.
ცნობისთვის, “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი, იმედა კლდიაშვილი წუხელ პროტესტის ნიშნად მანქანით სუს-ის შესასვლელთან გაჩერდა, რის შემდეგაც მანქანიდან პოლიციამ ძალის გამოყენებით გადაიყვანა და ადამინისტრაციული წესით დააკავა. მისი სასამართლო პროცესი სავარაუდოდ დღეს გაიმართება.
იმედა კლდიაშვილი აპროტესტებდა სუს-ის ზეწოლას ქართული ოცნების კომისიის წევრზე, რომელიც მზად იყო, ესაუბრა არჩევნების გაყალბების სქემაზე.