თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ენუქიძემ 1000 ლარით დააჯარიმა 29 წლის ალექსანდრე სამხარაძე, რომელიც „აგენტების კანონზე“ ვეტოს დაძლევის შემდეგ პარლამენტიდან გამოსულ კანონის მხარდამჭერ დეპუტატებს მონას, ვირთხებს და უცენზურო სიტყვებს ეძახდა. საქმეში მტკიცებულებად მისივე გადაღებული ვიდეოკადრები დევს.
პოლიცია ალექსანდრე სამხარაძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166–ე მუხლის დარღვევას – წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა.
სასამართლოში მტკიცებულებად იყო წარდგენილი ორი ვიდეო – მათგან ერთი, 2:45 წუთის ხანგრძლივობის ჩანაწერი თავად ლექსო სამხარაძის გადაღებულია და ის იმავე დღეს ვირუსულად გავრცელდა ტრადიციულ და სოციალურ მედიაში, მეორე კი, უფრო მოკლე, 45 წამიანი ვიდეო სავარაუდოდ ერთ-ერთი დეპუტატის მანქანიდან არის გადაღებული.
შემთხვევა 28 მაისს, მას შემდეგ მოხდა, რაც პარლამენტმა კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია, ამის შემდეგ კი დეპუტატებს პარლამენტის შენობა საპროტესტო აქციების ფონზე, ქიქოძის ქუჩით დაატოვებინეს. ალექსანდრე სამხარაძე ამბობს, რომ აქციაზე მიდიოდა, როცა დეპუტატების კოლონა შეხვდა. ის ამბობს, რომ მის მიერ გამოთქმული ფრაზები და სიტყვები სრულად ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში. სამხარაძე ცდილობდა მოსამართლისთვის აეხსნა, რომ მართალია ჩანაწერის ნაწილში ნამდვილად ისმის უცენზურო სიტყვები და უშვერი სიტყვებით გინება, რაც გამოხატვის თავისუფლების ნაწილში შეიძლება არ ჩაითვალოს, მაგრამ ამ ლექსიკის გამოყენება მან მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთმა დეპუტატმა მის საპროტესტო შეძახილებს გინებით უპასუხა ავტომობილიდან. თითქმის სამწუთიანი ვიდეოს პირველი მართლაც არ მოიცავს უხამს ლექსიკას და გინებას – ამ კადრებში კარგად არ ჩანს დეპუტატი, რომელიც აგინებს მოქალაქეს, თუმცა კარგად ჩანს პარლამენტარი ვიქტორ ჯაფარიძე, რომელიც ავტომობილიდან გამოდის, მისდევს ალექსანდრე სამხარაძეს და მას ქუჩაში გამოდგმული დახლიდან აღებულ ფორთოხალს ესვრის. ამავე ვიდეოში ჩანან მოქალაქეები, რომლებიც არ გამოხატავენ მომხდარით უკმაყოფილებას და არ ერთვებიან ინცინდენტში.
სამხარაძე მოსამართლეს უხსნიდა, რომ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მანქანის ჩამოწეული შუშიდან დაიწყო მისი გინება და შეურაცხყოფა, მან კი დეპუტატების გინებას უპასუხა. შესაბამისად, პასუხი დეპუტატებსაც უნდა მოეთხოვოთ, თუმცა მოსამართლემ ჩათვალა, რომ სასამართლოს პასუხისმგებლობა დეპუტატების პასუხის გება არ არის და სამხარაძეს შეუძლია პოლიციას მიმართოს, თუ თვლის, რომ მისი უფლებები დაირღვა.
1000 ლარიანი ჯარიმა ამ ტიპის სამართალდარღვევისთვის ჯარიმის მაქსიმალური ოდენობაა.იგივე დანაშაული ფულადი ჯარიმის ნაცვლად ასევე 15 დღემდე პატიმრობასაც ითვალისწინებს, თუმცა მოსამართლემ ალექსანდრე სამხარაძისთვის ჯარიმის დაკისრება გადაწყვიტა.