პროკურატურის ინფორმაციით, კაცს, რომელმაც ქალის დაწვა სცადა, დანაშაულის ჩადენის მოტივად გენდერული დისკრიმინაცია დაუდგინდა.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პროკურატურამ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე შ.გ.-ს ბრალდება დაუზუსტდა.
პროკურატურის განმარტებით, გამოძიების ფარგლებში შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ შ.გ.-მ მკვლელობის მცდელობა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ჩაიდინა. გარდა ამისა, უწყება ამბობს, რომ ბრალდებულმა ქალზე დისკრიმინაციის ნიშნით 2020 წლის თებერვალსა და მაისშიც იძალადა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 30 ივნისს, შ.გ.-მ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ს.შ.-ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო ს.შ.-ს ადგილზე შეკრებილი ადამიანების დახმარებით გადაურჩა დაწვას.
2020 წლის 13 ივლისს შ.გ.-ს ბრალდება დაუზუსტდა და ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19.109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ1“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი). სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”,- წერია ინფორმაციაში