კახაბერ საბანაძე გადადგა

შს მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძე თანამდებობიდან გადადგა. მისი თქმით, გამოქვეყნებულ ჩანაწერებს შესწავლა სჭირდება, ამიტომ გამოძიების ნდობის გასაღრმავებლად თანამდებობას ტოვებს.

“მსურს, გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში მედიაში გასულ სიუჟეტებს და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ წლების განმავლობაში ვემსახურებოდი სახელმწიფოს და ვიცავდი კანონს, რომლის ზედმიწევნით აღსრულებაც იყო, არის და იქნება ჩემთვის უპირველესი.

ვფიქრობ, რომ ზემოხსენებულ ფაქტებს სჭირდება შესწავლა, შესაბამისად უნდა ჩატარდეს სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რომელიც დაადგენს სიმართლეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგამოძიებო პროცესის მიმართ ნდობის უზრუნველყოფის მიზნით, ვტოვებ თანამდებობას! ვფიქრობ, ეს იქნება პრეცედენტი ყველა თანამდებობის პირისათვის, საზოგადოებაში ობიექტურად გაჩენილი კითხვების შემთხვევაში იმოქმედოს პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტით.

მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ღირსეულ პოლიციელს, ვისთან ერთადაც წლების განმავლობაში ვიმუშავე. სისტემაში მუშაობენ გმირები, რომელთა მხრებზეც დგას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, მინდა წარმატება ვუსურვო მათ სამშობლოს სამსახურში”. – წერს საბანაძე Facebook-ზე.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ჩანაწერები, რომელშიც სავარაუდოდ კახა საბანაძე 20 ივნისის ღამით სამართალდამცველებს მოუწოდებდა, დაეზიანებინათ ხმის გადამცემი მოწყობილობები, რათა ოპოზიციურ ლიდერებს მომიტინგეებამდე ხმა ვერ მიეწვდინათ.