ცოტა ხნის წინ თბილისის მერმა ფეისბუქზე დაწერა, რომ ბინას ჩუქნის ბიჭის ოჯახს, რომლის ფოტომ დღეს სოციალური ქსელებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ბიჭის ფოტო მამასთან ერთად მაშინ გადაიღეს, როდესაც აფრიკის დასახლებაში მერიამ მოქალაქეებს სახლები დაუნგრია და იძულებით გამოასახლა. ამის გამო კახა კალაძე დღეს მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა. ის სოციალურად დაუცველი ადამიანების მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში დაადანაშაულეს. საღამოს კი კახა კალაძემ ფეისბუქზე დაწერა:
“ახლა დავბრუნდი მერიიდან და არ შემიძლია დღესვე არ დავწერო, როგორც მერმა უკვე ვისაუბრე დღევანდელ მოვლენებზე, უბრალოდ ჩემი პირადი პოზიცია უნდა დავწერო- მედიაში რომ დაიწყეს მამა-შვილის ფოტოს გავრცელება როგორც მსხვერპლის, გული მომიკვდა, ტყუილის ტირაჟირებისთვის ბავშვი რატომ-თქო? ისიც კი გავიფიქრე, სახე მაინც დაეფარათ, იქნებ არ უნდა ოჯახს ბიჭუნას ასე გამოჩენა-თქო…. მეგონა მაგ ზღვარს არასდროს უნდა ჩავცდეთ, რომ ანტიპიარისთვის ბავშვები გამოვიყენოთ.
მოგვიანებით, როცა გაირკვა, რომ ბავშვი და მამამისი იქვე ცხოვრობენ , ჩემი და ჩემი შვილების ფოტოები მიაშენეს მათ ფოტოს. ვერც ვბრაზდები, მგონი არც მიკვირს.
ასეთ ადამიანებს რა გითხრათ სხვა? – ეგეთი ქცევა თქვენი არჩევანია.
მთავარი ამჯერად ჩემთვის ისაა, რომ როცა შემიძლია დავეხმარო, ვეხმარები, ასე გამზარდეს ასე ვზრდი ჩემს შვილებს. გმირობაა მარტო კაცი ზრდის 6 შვილს. გმირი მამაა და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მხარში ამოვუდგე მას. გავარკვიე საღამოსვე რა პირობებში ცხოვრობს და ჩემი პირადი საჩუქარი, ჩემი ოჯახის სახელით, იქნება ბინა ამ ოჯახისთვის.
ამდენი სიძულვილის, ცილისწამების და ტყუილის ფონზე ამ ოჯახის გაბედნიერებაა ჩემთვის დღევანდელი დღის შედეგი.“– წერს კალაძე