თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ ქართულ ოცნებას დიალოგზე უარი არასდროს უთქვამს და კარი არასდროს დაუხურავს.
“ამისთვის ყოველთვის მზად ვიყავით, ამის დამადასტურებელია ის, რომ ძალიან ბევრჯერ გაიმართა შეხვედრები ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით და ახლაც არის დიალოგისთვის მზადყოფნა.
მოწოდებებს, რასაც ვისმენთ ორივე მხარის მიმართ, არის ის, რომ გარკვეულწილად ჩიხში არ შევიდეს ეს პროცესები, რაც რა თქმა უნდა, ქვეყანას, დემოკრატიას, ქვეყნის განვითარებას დაააზიანებს.
რაც შეეხება ოპოზიციის შესვლას პარლამენტში, ამის წინააღმდეგი ჩვენ არასდროს ვყოფილვართ და ის გადაწყვეტილებები, რომელიც ამ პერიოდში ჩვენი მხრიდან იყო და რა განცხადებებიც კეთდებოდა, მიმართული იყო იმისკენ, რომ ოპოზიცია პარლამენტში შემოსულიყო, ამას ჩვენ მივესალმებით, რადგან იმ მხარდაჭერას, რაც მათ საზოგადოების გარკვეული ნაწილისგან მიიღეს, პატივისცემა სჭირდება. ჩვენი მხრიდან მხოლოდ მისასალმებელი იქნება ოპოზიციის პარლამენტში დაბრუნება, საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენება, პოლემიკა ქვეყნის განვითარებაზე, იმ კონკრეტულ პროექტებთან, რეფორმებთან მიმართებაში“, – განაცხადა კალაძემ.
კალაძე თანამდებობიდან წასულ გიორგი გახარიას და მაია ცქიტიშვილს წარმატებას უსურვებს:
„ირაკლის მინდა წარმატებები ვუსურვო, ვისურვებდი, რომ ის ყოფილიყო გამაერთიანებელი საზოგადოების. რაც შეეხება ქალბატონ მაიას, ეს იყო მისი გადაწყვეტილება, მინდა ქალბატონ მაიას თავისი საქმიანობისთვის მადლობა გადავუხადო და გიორგი გახარიას მადლობა გადავუხადო, რომ ის იყო ჩვენი ქვეყნის პრემიერი“, – განაცხადა კალაძემ.