„ქართული ოცნების“ თელავის, ახმეტის, ყვარლის და ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, კახეთში 50-ზე მეტ ადგილობრივ ბიზნესმენს, მეწარმესა და ფერმერს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დახურულ სივრცეში, რესტორანში უმასპინძლა. ინფორმაციას ტვ ფორმულა ავრცელებს.
სუფრა გაიშალა სოფელ კაბალშიც, სადაც ქადაგიშვილი ბაგა-ბაღების პედაგოგებს, ადგილობრივებს და საჯარო მოხელეებს შეხვდა. დეპუტატობის კანდიდატი ირწმუნება, რომ ბიზნესმენებმა წინასაარჩევნო კამპანიის შემდეგ, ლაგოდეხში მიღებაზე თავად დაპატიჟეს და “წყლით, ჩაით და კანფეტით გაუმასპინძლდნენ”.
“შეხვედრის შემდეგ სექტორს თვითონ აქვს სურვილი, რომ მცირედი მიღება გამართონ და რა თქმა უნდა, ჩვენ თანახმა ვართ ამ მიღებაში მივიღოთ მონაწილეობა. სუფრას რა ვიცი რას ეძახით, როდესაც ჩაის მოგართმევენ, წყალს მოგართმევენ და კანფეტს მოგართმევენ, თუ გინდათ სუფრა დაარქვით და თუ გინდათ ბანკეტი”, – ამბობს ქადაგიშვილი.