პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მსახიობ კახი კავსაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა, მისი მდგომარეობაში დადებითი დინამიკა შეინიშნება და კოვიდ ინფექციის მძიმე ხარისხი ამ ეტაპზე არ იკვეთება.
რატიანის ინფორმაციით, კლინიკაში მიყვანისას კახი კავსაძის მდგომარეობა კრიტიკული იყო, თუმცა, ამ ეტაპზე სუნთქვის პარამეტრები გაუმჯობესებულია.
„კახი კავსაძე ჩვენთან გუშინ, დაახლოებით 14:00 სთ-ზე შემოიყვანეს. შემოყვანისას მდგომარეობა კრიტიკული იყო. ჩატარდა ყველა ღონისძიება. დადასტურებულია კოვიდ ინფექცია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ კოვიდ ინფექციის მძიმე ხარისხი ამ ეტაპზე არ იკვეთება. კლინიკურად მასთან სახეზე იყო ძირითადი დაავადება, რომელიც დააპროვოცირა კოვიდ ინფექციამ და მისმა გართულებამ. მინდა გითხრათ, რომ ამ ეტაპზე დადებითი დინამიკა გვაქვს. გემოდინამიკა უფრო სტაბილური გახდა. სუნთქვის პარამეტრები გაუმჯობესებულია. ვიმედოვნებთ, ღონისძიებები, რომელიც უკვე ჩატარდა და მომავალში ჩაუტარდება, პაციენტის გამოჯანმრთელებას გამოიწვევს“,-განაცხადა რატიანმა.