კეთდება ყველაფერი, რომ ზაზა გახელაძე დაუბრუნდეს ოჯახს – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლოს მიერ უკანონო პატიმრობა მისჯილი ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად ყველაფერი კეთდება.

სუს-ი მთელ პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას.

“ზაზა გახელაძის მიმართ, საოკუპაციო ძალების მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ და უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობამ არაერთგზის დააფიქსირა კონსოლიდირებული პოზიცია და დაგმო დანაშაულებრივი პრაქტიკა, რასაც საოკუპაციო ძალები მიზანმიმართულად ამკვიდრებენ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე ტერიტორიებზე.

ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის პირველივე დღიდან, ცენტრალური ხელისუფლება იყენებს ყველა არსებულ მექანიზმს. ასევე, აღნიშნული საკითხი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. ერთობლივი ძალისხმევით, კეთდება ყველაფერი, რომ უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძე დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს”, — აცხადებენ უწყებაში.

ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ ზაზა გახელაძეს ე.წ. სასამართლომ 12 წელი და 6 თვე მიუსაჯა. 

საოკუპაციო ძალების მიერ გასული წლის ზაფხულში დაკავებულ ზაზა გახელაძეს დე ფაქტო ხელისუფლებამ ბრალი წაუყენა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით – “სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა” და “სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა”.