ახალ კვლევაში მეცნიერებმა გამოიკვლიეს კეთილდღეობის წინაპირობები რათა გაეგოთ, რომელი ადამიანები არიან უფრო მიდრეკილნი მის მიმართ და შესაძლებელია თუ არა ამ გრძნობის საკუთარ თავში განვითარება.
კეთილდღეობის გრძნობა პიროვნული წარმატების მწვერვალად ითვლება, თუმცა მისი განსაზღვრა სულაც არ არის ადვილი. ფსიქოლოგ ჯასტინ გეტის აზრით, კეთილდღეობა სცილდება კარგი შეგრძნების ფარგლებს და არის ფიზიკური ჯანმრთელობის, ხანგრძლივი ცხოვრების და მომატებული კრეატიულობის შეგრძნებათა ნაზავი–წერს Inverse.
გეტის აზრით, ფსიქიკურ კეთილდღეობას ორი ძირითადი კომპონენტი აქვს: პირველი, ჰედონური კეთილდღეობა ან სუბიექტური კეთილდღეობა, რაც არის ცხოვრებით კმაყოფილება და ბედნიერება; მეორე, ევდაიმონური ქცევა, ანუ ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია მიზნისა და ავტონომიის შეგრძნებასთან.
მკვლევარები თვლიან, რომ ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ კეთილდღეობას ჩვენს ცხოვრებაში, თუ განვივითარებთ ცხოვრების გარკვეულ წესს და პიროვნულ თვისებებს. ახალი კვლევის შედეგად, გეტმა და კოლეგებმა ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტორების იდენტიფიცირებაზე, რომლებიც შეგვიძლია გავაკონტროლოთ საკუთარი კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად.
ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ კეთილდღეობაზე
კვლევის დროს ჯგუფმა გამოკითხა ათასზე მეტი ჯანმრთელი ზრდასრული ადამიანი, შემდეგ კი კვლევა განმეორდა ერთი წლის თავზე. გარდა ამისა, მონაწილეებმა გაიარეს ტესტების სერია, რომლებიც შეიცავდა ინფორმაციას მათი ჯანმრთელობის, ცხოვრების წესისა და პიროვნული ფაქტორების შესახებ. გარდა ამისა, მათ ჰკითხეს ბოლო ცხოვრებისეულ მოვლენებზე, როგორც კარგზე, ასევე ცუდზე, ასევე საქმისადმი დამოკიდებულებაზე.
შედეგების გაანალიზების შემდეგ მეცნიერებმა აღმოაჩინეს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც ადამიანებს კეთილდღეობისკენ უფრო მიდრეკილს ხდის და ზოგიერთი მათგანი შეიძლება დროთა განმავლობაში შეიცვალოს, რამაც მეცნიერები გააოცა.
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ადამიანები, რომლებიც იყენებენ ემოციების რეგულირების სტრატეგიას, უფრო მეტად განიცდიან კეთილდღეობას. თუმცა, დროთა განმავლობაში, ეს აღარ არის ძლიერი წინაპირობა. გაითვალისწინეთ, რომ კოგნიტური გადაფასება სიტუაციისადმი დამოკიდებულების ცვლილებაა. მეცნიერებმა მანამდე დაამტკიცეს, რომ ამ სტრატეგიას შეუძლია შეამციროს შფოთვა და დეპრესია, ასევე გაზარდოს ცხოვრებით კმაყოფილება.
მოქმედებს თუ არა პიროვნული თვისებები კეთილდღეობაზე?
კვლევის მსვლელობისას მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პიროვნების თვისებები უფრო მეტ გავლენას ახდენს ადამიანებს შორის განსხვავებებზე, ვიდრე დროთა განმავლობაში კეთილდღეობის ცვლილებაზე. მაგალითად, კვლევა აჩვენებს, რომ ექსტრავერსია არის „კეთილდღეობის ცვლილების ყველაზე ძლიერი უნიკალური წინაპირობა ერთი წლის განმავლობაში“. ეს პიროვნული თვისება ასოცირდება კომუნიკაბელურობასთან, თავდაჯერებულობასთან და პოზიტიურობასთან.
ახლა, კვლევის ავტორები თვლიან, რომ ამ პიროვნულ თვისებას შეუძლია ხელი შეუწყოს კეთილდღეობის შენარჩუნებას და გაზრდას, თუნდაც დროთა განმავლობაში. ამიტომ, ექსტრავერტებს აქვთ უფრო ფართო სოციალური კავშირები და ნაკლებად განიცდიან სტრესს.
კეთილდღეობის კიდევ ერთ წინაპირობად ცნობიერება განიხილება. ეს თვისება განასახიერებს პასუხისმგებლობის, მიზანდასახულობის და პროდუქტიულობის სურვილს. ადრეულმა კვლევამ დაასკვნა, რომ პასუხისმგებლობა ხელს უწყობს ადამიანებს უკეთ იზრუნონ საკუთარ თავზე.
მკვლევარებმა ასევე დაადგინეს, რომ დროთა განმავლობაში კეთილდღეობის ცვლილებებზე გავლენას ახდენს ტრავმული და სამუშაოსთან დაკავშირებული მოვლენები. ეს მოიცავს სამსახურის შოვნას ან დაკარგვასაც.
კვლევის შედეგები ასევე მიუთითებს, რომ ერთი წლის განმავლობაში ადამიანის კეთილდღეობაზე გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა:
ფიზიკური ვარჯიში;
ხილის მოხმარება;
ბოსტნეულის მოხმარება.
გეტის თქმით, ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ კეთილდღეობის განცდას განსაზღვრავს არა მხოლოდ ბედნიერების განცდა, არამედ ჯანსაღი ცხოვრების წესი და სხვა ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ჩვენზე.