მოძრაობა ”ხმამ”, რომლის ორი წევრი გუშინ კეკელიძის ქუჩაზე ხატიაშვილის ოჯახის გამოსახლებისას დააკავეს, აღსრულების ბიუროში აქცია გამართა ორი მოთხოვნით : შეჩერდეს გამოსახლებები და გათავისუფლდნენ დაკავებულები – გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა.
“ჩვენ დღეს აქ შემოვედით და აქედან გასვლას არ ვაპირებთ, ჩვენი მოთხოვნა არის შეჩერდეს ძალადობრივი გამოსახლებები. ვნახეთ, რომ დღეს გადადეს ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლება, მაგრამ გადადეს დროებით.
როდის მოუვათ ხელახალი შეტყობინება, ეს არ ვიცით, რაც ზუსტად ვიცით, არის ის, რომ 26-ში ახალი გამოსახლებაა დაგეგმილი – ზანდუკელის ქუჩაზე ასახლებენ მრავალსულიან ოჯახს, რომლის წევრებიც არიან შშმ პირები, მცირეწლოვანი ბავშვები და ორსული ქალი.
ამ ოჯახს რიკო კრედიტი ართმევს სახლს. რომ შევაჯამოთ, ორი მოთხოვნა გვაქვს: შეჩერდეს გამოსახლებები და გათავისუფლდნენ დაკავებულები. ბრაზი, რომელიც გვქონდა ამ გამოსახლების ყურებისას, არ შეიძლება იყოს კრიმინალიზებული“, – განაცხადეს მოძრაობის წევრებმა