სამშენებლო კომპანია “კეკელიძე 61″–ის დამფუძნებელი დემურ გიორხელიძე შესაძლო თაღლითურ სქემაში მონაწილეობაში სინოდის ერთ-ერთ წევრს, მეუფე ანტონსა და იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს ადანაშაულებს.
მისი ინფორმაციით, ამჟამად კორპუსი დაუსრულებულია, თუმცა ბინების გადაყიდვების გამო, მას ყადაღა ადევს, ამიტომ მათი გასხვისება შეუძლებელია.
გიორხელიძის თქმით, მშენებლობიდან მეუფე ანტონიმ 1 მლნ 350 ათასი დოლარი აიღო, რომლის ნაწილი ეპარქიაშია გადარიცხული, ნაწილი კი ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტს ხელზე აქვს გამოტანილი.
„იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანია ჩარეული, საქმეში ასევე ფულთან დაკავშირებით ჩარეულია მაღალი სასულიერო პირი, სინოდის წევრი. რამდენადაც ვიცი, საჩივარში საუბარია, მილიონ 350 ათას დოლარზე, რომელიც წაღებული აქვს ამ სასულიერო პირს. ჩვენ ერთადერთი თხოვნა გვაქვს, პრობლემებს მოვაგვარებთ, ამის პასუხისმგებლობას ვიღებ, მაგრამ არ შემიძლია, მოვაგვარო ის უსამართლობები, რომელიც ხდება. არ შემიძლია მაღალჩინოსნებს დავავალო რაიმეს გამოძიება ან საჯარო რეესტრზე მქონდეს რაიმე ზეგავლენა. მოვითხოვ, რომ გამოძიება დასრულდეს”,– ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
ის ასევე აღნიშნავს, რომ პროკურატურას რამდენიმე წლის წინ მიმართა, თუმცა გამოძიება არ სრულდება, მეუფე ანტონი კი არავის დაუკითხავს.
“ჯერ კიდევ 2014 ჯერ ამხანაგობას მიმართული აქვს საჩივრით მთავარი პროკურატურისთვის იმის გამო, რომ მილიონ 350 ათასი დოლარი მეუფე ანტონმა წაიღო ამხანაგობიდან. 2014 წლის შემდგომ, 2019 წლამდე, მისი მოწმის სახითაც გამოკითხვა არ განუხორციელებია სამართალდამცავ ორგანოს. დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ საჩივრები და განცხადებები შეგვეტანა. ძიება ფინანსურ პოლიციაში მიდის, მაგრამ მეუფე ანტონის გამოკითხვა ვერ მოხერხდა”,– აცხადებს გიორხელიძე.
მეუფე ანტონი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ წლების წინ ნამდვილად უდასტურებდა ამხანაგობის გარდაცვლილ თავმჯდომარეს, ნანა ესაკიას ხელმოწერით იმას, რომ იგი ამ თანხებს ვანის და ბაღდათის ეპარქიას სწირავდა.
გამოძიება საქმეზე დაწყებულია კოდექსის 183-ე მუხლით, რაც თანხების მითვისება-გაფლანგვას გულისხმობს.