დაავადებათა კონტროლოს ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე განმარტავს NCDC-ის ინიციატივას ტაქსებსა და მანქანებში მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ტაქსებში როგორც მძღოლს, ისე მგზავრს, სიგარეტის მოწევა უნდა აეკრძალოთ.
“დიახ, ინიციატივაა ის, რომ ტაქსებში არ უნდა ეწეოდეს არც მძღოლი, არც იქ მჯდომი იმიტომ, რომ ის ბოლი, რომელიც გროვდება გამონაბოლქვიდან თამბაქოსი, უარყოფითად მოქმედებს ადამიანის და განსაკუთრებით ბავშვების ჯანმრთელობაზე, ამიტომ დიახ, ჩვენ ვართ ინიციატორი იმის, რომ ტაქსებში მოწევა არ უნდა იყოს. როცა ვჯდები ტაქსიში, ზოგიერთი კეთილმოსურნე მძღოლი გეკითხება, შეიძლება მოვწიო თუ არა. არ უნდა მოწიოს მძღოლმა, როგორც მე არ უნდა მოვწიო. მე არ ვეწევი, მაგრამ მგზავრმა არ უნდა მოწიოს. ეს არის ევროპული კულტურის გამოხატულება, მომხრე ვართ, რომ ტაქსებში აიკრძალოს მოწევა”, — ამბობს გამყრელიძე.
მისივე განმარტებით, შეზღუდვა უნდა შეეხოთ კერძო ავტომობილებსაც იმ შემთხვევაში, თუ მასში არასრულწლოვანი იჯდება. გამყრელიძე ფიქრობს, რომ ეს კერძო საკუთრებაში ჩარევა არ არის.
“ადამიანები შეჰყავთ შეცდომაში, რომ თითქოს ჩვენ ვკრძალავთ მოწევას საკუთარ მანქანებში. ჩვენ საკუთრებაში არ ვერევით, საკუთარ მანქანაში ვისაც უნდა მოწიოს, მაგრამ არ შეიძლება მოწიონ იგივე საკუთარ ან სხვა მანქანაში, თუ იქ ზის არასრულწლოვანი იმიტომ, რომ ამ ქვეყნის მომავალი დამოკიდებულია ბავშვებზე, ჯანმრთელ ბავშვებსა და მოზარდებზე.
ამიტომ თუ იქ ზის ბავშვი და მოზარდი, არასრულწლოვანი, იქ არ შეიძლება, დიახ, ამ წინადადებით შევდივართ, მაგრამ თუ თქვენ მარტო მგზავრობთ და ეწევით თქვენს მანქანაში, იქ ამას არავინ არ დაგიშლით. კერძო მანქანებში, თუ იქ ზის ბავშვი ან მოზარდი, იქ აკრძალული იყოს მოწევა”, – აღნიშნა გამყრელიძემ.
NCDC–ის ინიციატივით, პარლამენტმა შესაძლოა “თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონში შეიტანოს ცვლილება, რომლითაც ტაქსიში მოწევა, ასევე საკუთარ ავტომობილში არასრულწლოვნის თანდასწრებით მოწევა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გახდეს და დამრღვევთა დაჯარიმება გამოიწვიოს.
ამის შესახებ პარლამენტის დადგენილებაშიც ვკითხულობთ, რომელსაც ჯერჯერობით რეკომენდაციის სახე აქვს.