კვარაცხელიას მკვლელობის შეკვეთისთვის ბრალი წარედგინათ ძმებ კაკულიებს, ბუსა ჟვანიას

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების საქმე გახსნეს. ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე ბრალდება წარედგინათ გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ [ბუსა] ჟვანიას. ბუსა ჟვანია საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილია.

გურამ და დავით კაკულიები სხვა სისხლისსამართლის საქმეზე არიან მსჯავრდებულები და სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიან.  ბესარიონ ჟვანიას, მიმართ ძებნა გამოცხადდება.

 

“შსს-ში ჩატარებული გამოძიებით, დადგინდა, რომ ძმებმა კაკულიებმა ე.წ. კანონიერი ქურდის გია კვარაცხელიაზე შურისძიების და კრიმინალურ სამყაროში მათი ავტორიტეტის გამყარების მიზნით, ამ უკანასკნელის შვილის, ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობა განიზრახეს. ძმები კაკულიების მამა ე.წ. კანონიერი ქურდი დავით კაკულია 2001 წლის 25 აგვისტოს ქალაქ მოსკოვში მოკლეს, რაზეც კრიმინალურ სამყაროში ასევე საზოგადოებაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დავით კაკულიას მკვლელობის დამკვეთი თითქოსდა გია კვარაცხელია იყო.

გურამ და დავით კაკულიებმა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის განზრახვა, მათ მეგობარს, ბესარიონ ჟვანიას გაანდეს და შეთანხმდნენ მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზება. ბესარიონ ჟვანიამ დაიწყო დანაშაულის აღმსრულებლის მოძიება, რა მიზნითაც იგი მის ნაცნობებს ალეკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს დაუკავშირდა, შესთავაზა მათ ძმები კაკულიების შეკვეთით მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფური მკვლელობა, რაზედაც ისინი დათანხმდნენ. ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ბესარიონ ჟვანიას ორგანიზებით, 2021 წლის ივლისსა და აგვისტოში სომხეთის რესპუბლიკაში რამდენჯერმე გაემგზავრნენ ამავე ქვეყანაში მყოფი მკვლელობის შემკვეთებთან გურამ და დავით კაკულიებთან შესახვედრად, სადაც ისინი მკვლელობის ორგანიზებისათვის აუცილებელ მითითებებს გასცემდნენ.

განზრახ მკვლელობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის გამარტივების მიზნით, დავით და გურამ კაკულიებმა 2021 წლის სექტემბრის დასაწყისში უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რაც ცნობილი იყო ბესარიონ ჟვანიასთვის, რომელმაც ისინი ილია ჭავჭავაძის გამზ. N78-ში მდებარე მისივე ოჯახის საკუთრებაში არსებულ სახლში დააბინავა. აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში სისტემატურად მიდიოდნენ ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე. მათ, ძმებმა კაკულიებმა დანაშაულებრივი მოქმედების დროს მათთან კომუნიკაციისათვის განკუთვნილი “რედმის” მოდელის მობილური ტელეფონი გადასცეს.

ალეკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძემ თავის მხრივ, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს დანაშაულის ჩასადენად განკუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები. ასევე, დაადგინეს ნიკოლოზ კვარაცხელიას საცხოვრებელი სახლის მისამართი და ყოველდღიური თვალთვალით სწავლობდნენ მისი გადაადგილების დეტალებს.

2021 წლის 14 სექტემბერს გიორგი კავილაძემ და ალეკო ჭელიძემ იქირავეს “ჰიუნდაი ელანტრას” მარკის ავტომობილი და დანაშაულის ჩასადენად მოემზადნენ.

2021 წლის 15 სექტემბერს, დაახლოებით 16 საათზე და 20 წუთზე, გიორგი კავილაძე და ალეკო ჭელიძე დაქირავებული „ჰიუნდაი ელანტრას“ მარკის ავტომობილით მივიდნენ თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე და პირად საქმეზე მყოფ ნიკოლოზ კვარაცხელიას ჩაუსაფრდნენ. შემთხვევის ადგილზე ალეკო ჭელიძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ნიკოლოზ კვარაცხელიას. ნიკოლოზ კვარაცხელია თავდამსხმელისგან თავის დაღწევის მიზნით გაქცევას შეეცადა, თუმცა ალეკო ჭელიძე დაედევნა მას და კვლავ განაგრძო მისი მიმართულებით სროლა, რითაც სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიაყენა. სროლის დასრულების შემდეგ ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ ამ უკანასკნელის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით. შემთხვევის ადგილზე შეკრებილმა პირებმა ნიკოლოზ კვარაცხელია საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მიღებული დაზიანებების შედეგად იგი იმავე დღეს გარდაიცვალა.

დანაშაულებრივი ქმედების შესრულებისთანავე ალეკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძემ მკვლელობის შემკვეთებს, გურამ და დავით კაკულიებს ტელეფონით აცნობეს მომხდარის შესახებ, რის შემდეგაც ძმებმა რამდენიმე წუთში დატოვეს მათი დროებითი საცხოვრებელი, ბესარიონ ჟვანიას ოჯახის საკუთრებაში არსებული სახლი, ასევე, გიორგი კავილაძე ტაქსის მძღოლის მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ბესარიონ ჟვანიას და საუბრის დროს მიანიშნა ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის შესახებ”. – ნათქვამია უწყების განცხადებაში.