კვლევები, ადასტურებს, რომ თბილისში 70% წინააღმდეგია ამ ყალბი პროცესის – ხოშტარია თვითმმართველობის არჩევნებზე

გუშინ ვნახეთ კვლევები, რომელიც ადასტურებს, რომ თბილისში 70% წინააღმდეგია ამ ყალბი პროცესის –  ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ სახელით, მათ შორის, ჩვენი უკანონო პატიმრობაში მყოფი სამი ლიდერის სახელით, მინდა მივმართო საზოგადოებას. პირველი, რაც მინდა ვთქვა, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ მუშტად შეკრულია და განაგრძობს ბრძოლას რუსულ რეჟიმთან. იმ შემართებით განაგრძობს, რომელიც ჩვენ ვნახეთ ჩვენი სამი ლიდერისგან – ზურა ჯაფარიძისგან, ნიკა მელიასგან და ნიკა გვარამიასგან. საკუთარი პრინციპული გადაწყვეტილებით, რომ არაფრის ფასად არ ითანამშრომლონ რეჟიმთან, ისინი დღეს არიან პატიმრობაში. ვნახეთ, რომ ზურამაც, ნიკა მელიამაც კიდევ ერთხელ ამხილა სისტემა. ზურა უადვოკატოდ დაიჭირეს, ნიკა მელია გაიტაცეს, ეს არ იყო დაპატიმრება. ნიკა გვარამია თავისი ფეხით მივიდა, რაც ალბათ, ისტორიას შემორჩება, როგორც წარმოუდგენელი ფაქტი, მაგრამ მას არ უნდოდა არავის შეწუხება, მათ შორის, არც საკუთარი გუნდის და თავის ფეხით მივიდა საპატიმროში. მინდა ამის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება კარგად იცოდეს საზოგადოებამ. ეს არის ბრძოლის ნაწილი, რადგან რეჟიმთან თანამშრომლობა აძლიერებს და ახანგრძლივებს ამ რეჟიმს. შესაბამისად, ისინი შიგნიდან, ჩვენ გარედან ამ პრინციპულ ბრძოლას გავაგრძელებთ.

პრინციპული ბრძოლა დგას სამ რამეზე – ერთი არის საერთო ეროვნული პროტესტი, რომელიც უნდა გაძლიერდეს. ყველა აქტივისტმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ, კოალიცია ვართ მათ გვერდით. ყველა პოლიტპატიმარმა უნდა იცოდეს, რომ ვართ მათ გვერდით და გავაგრძელებთ მათი უფლებებისთვის ბრძოლას. მეორე ეს არის პოლიტიკური სპექტრის ერთიანობა, ოღონდ ერთიანობა სტრატეგიული ამოცანის გარშემო, რეჟიმთან არ თანამშრომლობის გარშემო. ამ ერთიანობას დღეს აქვს გამოწვევა. ეს არის ადგილობრივი ე.წ. თვითმმართველობის არჩევნები. რუსული რეჟიმის მიერ მოფიქრებული გამოგონილი ყალბი პროცესი. ამიტომ, დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, პრეზიდენტთან ერთად, „ლელოსთან“ ერთად, ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, დავხურავთ ამ ფურცელს და ზუსტად იმავე პრინციპულად, როგორც პარლამენტში არ შესვლა, კომისიასთან არ თანამშრომლობა, დაიხურება ეს ყალბი ადგილობრივი თვითმმართველობის [არჩევნების] თემა და ვიქნებით ერთიანები ამ ბრძოლაში.

სწორედ ამ არ თანამშრომლობით, ამ რეჟიმისთვის ლეგიტიმაციის არ მიცემით, ჩვენ მივაღწევთ რეჟიმის როგორც შიდა ისე, გარე ზეწოლას, რაც საბოლოოდ მათ ჩამოშლის.

გუშინ ვნახეთ კვლევები, რომელიც ადასტურებს, რომ თბილისში 70% წინააღმდეგია ამ ყალბი პროცესის. ამიტომ, მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ამ ბრძოლაში, სადაც ჩვენმა ლიდერებმა პრინციპული ნაბიჯები გადაგდეს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ დგას ძალიან პრინციპულად, ერთ მუშტად შეკრული და ერთგული იმ ბრძოლის, რაც არის რუსების დამარცხება ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.