ნიუ-დელის მოსახლეობის თითქმის ნახევარზე მეტს კორონავირუსი შესაძლოა უკვე ჰქონდა – ასეთია ერთ-ერთი სამთავრობო კვლევის დასკვნა, რომელიც მანამდე, კერძო სექტორის მიერ ჩატარებულ კვლევას ემთხვევა. დედაქალაქის მცხოვრებთა რაოდენობა 20 მილიონს აჭარბებს.
ინდოეთში კოვიდ -19 ამ დრომდე 10.8 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, ქვეყანა ამ მაჩვენებლით მსოფლიოში პირველია. თუმცა სამშაბათს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, რომელიც 28 000 სინჯის მონაცემებს ეფუძნებოდა, ქვეყნის 1.35 მილიარდიან მოსახლეობაში ინფიცირების მაჩვენებელი გაცილებით მაღალია და შესაძლოა ე.წ. ჯოგურ იმუნიტეტსაც კი აღწევდეს.
“დელიში ჩატარებული კვლევის შემდეგ გამოვლინდა, რომ ანტისხეულები ქალაქის მოსახლეობის 56.13 %-ს ჰქონდა”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.
კიდევ ერთი, სხვა კვლევის თანახმად, რომლის ფარგლებშიც მთელი ქვეყნის მასშტაბით 700 000 ადამიანის სინჯები შეამოწმეს, დიაგნოსტიკურმა კომპანია “თიროქეარ ტექნოლოჯისმა” დაადგინა, რომ მოსახლეობის 55 % შესაძლოა კორონავირუსით უკვე იყო ინფიცირებული. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა გასულ კვირას სააგენტო “როიტერთან” ისაუბრა.
თუმცა ქვეყანაში ინფიცირების მაღალი მაჩვენებლების მიუხედავად, შედარებით დაბალია გარდაცვლილთა რიცხვი – 154 486. მედიკოსების თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა ქვეყანაში მოსახლეობის საკმაოდ დაბალი საშუალო ასაკი იყოს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, რომ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ იმუნიტეტი მოსახლეობის 60-70 %-ს უნდა ჰქონდეს იმისთვის, რომ გადაცემის ჯაჭვი გაწყდეს. ინდოეთის ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ ვირუსის გავრცელების შეზღუდვა უფრო დაბალ მაჩვენებელსაც შეუძლია.
ინდოეთში ამ დროისთვის 4 მილიონამდე ადამიანია ვაქცინირებული. მთავრობის მიზანია, აგვისტომდე 300 მილიონი ადამიანის აცრას.
წყარო: ამერიკის ხმა