კიდევ ერთი ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ – აშშ–ს მარეგულირებელმა Johnson & Johnson–ის ვაქცინა ეფექტურად ცნო

ამერიკის მარეგულიერებლმა ორგანომ კორონავირუსის საწინააღმდეგო კომპანია Johnson & Johnson–ის ვაქცინა უსაფრთხოდ და ეფექტურად ცნო რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პრეპარატი უახლოეს დღეებში ის აშშ–ში დამტკიცებული რიგით მესამე ვაქცინა იქნება კორონავირუსის წინააღმდგე.

სანიტარული ზედამხედველობის, საკვები პროდუქტების და მედიკამენტების სამმართველომ განაცხადა, რომ ვაქცინა უსაფრთხოა, ეფექტურად აღკვეთს კრონავირუსის მძიმე ფორმებით დაავადებას და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არ საჭიროებს მეორე დოზას.

ექსპერტების აზრით ახალი ვაქცინა შესაძლოა Pfizer–ის და Moderna–ს ვაქცინების იაფფასიანი ალტერნატივა გახდეს, რადგან მათგან განსხვავებით ახალი ვაქცინის შენახვა ჩვეულებრივ მაცივარშიც შეიძლება და განსაკუთრებული ტემპერატურული რეჟიმი არ ჭირდება.

აშშ–ში, სამხრეთ აფრიკასა და ბრაზილიაში ჩატარებულმა წინასწარმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ახალს ვაქცინას შეუძლია 85%–ზე მეტად აღკვეთოს დაავადების მძიმე შემთხვევები, თუმცა კრონავირუსის საშუალო და მსუბუქი ფორმების წინააღმდეგ მისი ეფექტურობა 66%–ს არ აღემატება.

ამასთან, კვლევის არცერთი მონაწილე ვაქცინის მიღებიდან 28 დღის განმავლობაში არ გარდაცვლილა და არც საავადმყოფოში მოხვედრილა.

 

კომპანია Johnson & Johnson აცხადებდა, რომ მარეგულირებლის მიერ დამტკიცების შემთხვევაში მაშინვე შეუძლია 4 მილიონი დოზის გამოშვება, მარტის ბოლოსთვის კი უკვე 20 მილიონი დოზის დამზადება.

ვაქცინის პირველი 12 მილიონი დოზა ამერიკის ფედერალურ მთავრობას გადაეცემა.