კიევის დარნიცკის რაიონში, 5 ივნისს რუსეთის რაკეტების მიერ დაბომბილი ადგილის სიახლოვეს კიევის პოლიციამ 3 მამაკაცი დააკავა, რომელთა ასაკი 25–39 წელია. ისინი სარაკეტო დარტყმის შედეგებს უღებდნენ ფოტოებს და მათ რუსული სატელეფონო ოპერატორების აბონენტ ნომერზე გზავნიდნენ. ყველა დაკავებული საგამოძებო–ოპერატიულ სამსახურს გადასცეს.
იმავე დღეს, ობოლონის რაიონის პოლიციის ბლოკპოსტზე პოლიციელების ყურადღება მიიპყრო მამაკაცმა, რომელიც საქალაქთაშორისო ავტობუსით მგზავრობდა. პოლიციასთან საუბრისას ის ნერვიულობდა და არეულად ყვებოდა საკუთარი თავის შესახებ, გარკვევით საკუთარი სახელის და მისამართის თქმაც ვერ შეძლო.
“პოლიციელებმა მესაზღვრეებთან ერთად მამაკაცის ვინაობა დაადგინეს. აღმოჩნდა, რომ ეს არის 54 წლის მოქალაქე, რომელიც სავარაუდოდ ქვეყნის აღმოსავლეთში უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წევრია“– აცხადებს პოლიცია.
შეგახსენებთ, რომ 5 ივნისის დილით რუსეთმა ფრთოსანი რაკეტებით შეტევა მიიტანა დარნიცკის ვაგონშემკეთებელ ქარხანაზე, რომელიც კიევში, მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქარხნის ტერიტორიაზე ტანკები და სხვა ჯავშანტექნიკა იყო, რომელიც უკრაინამ პარტნიორებისგან მიიღო. უკრაინული მხარე ამ ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ რუსებმა სინამდვილეში ხორბლის სატვირთო ვაგონები დაბომბეს.