კოალიციური მთავრობა ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა არავის აქვს დანაპირებზე – კახა ოქრიაშვილი

უმრავლესობის დეპუტატი კახა ოქრიაშვილი ამბობს, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარს არ დაუჭირეს. მისი თქმით, კოალიციური მთავრობის პირობებში, ნებისმიერი პატარა კრიზისის დროს მეორე პარტნიორი გადის კოალიციიდან და იწყება რიგგარეშე არჩევნები. ამის მაგალითად მას ისრაელში არსებული სიტუაცია მოჰყვას და ამბობს, რომ იქ ზედიზედ 3 არჩევნები ჩაატარეს, რადგან ვერცერთმა პარტიამ 51%-იანი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

მისი თქმით, კოალიციური მთავრობის კიდევ ერთი ნაკლი ის არის, რომ ოპოზიცია არ ჰყავს.

“როდესაც ოპოზიცია არ არის, იქ დემოკრატია აღარ არის, ეს არის ჩიხი სუფთა პროპორციული არჩევნების”,- ამბობს ტვ პირველთან ინტერვიუში ოქრიაშვილი.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ კოალიციური მთავრობა კოლექტიური პასუხისმგებლობაა, ეს კი ნიშნავს, რომ პასუხსმგებლობა დანაპირებზე არავის აქვს.

“ტრენდი მთელ მსოფლიოში არის მაჟორიტარული სისტემისკენ. ბოლო 3 წელიწადში იტალია და მოლდოვა გადმოვიდა პროპორციულიდან შერეულზე. არცერთი ქვეყანა ჩვენ გარდა არ გადასულა შერეულიდან ან მაჟორიტარულიდან პირდაპირ პროპორციულზე”,-აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

დეპუტატი ამბობს, რომ პირველივე რიგგარეშე არჩევნებზე, 2024 წელს აუცილებლად გაჩნდება დისკუსია, თუ “რა ცუდია პროპორციული არჩევნები ჩვენი ქვეყნისთვის და ხომ არ გადავიდეთ ისევ შერეულზე”.

კახა ოქრიაშვილი უმრავლესობის ერთადერთი წევრია, ვინც საკონსტიტუციო ცვლილებებს ღიად არ უჭერს მხარს.