კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას გამოვრიცხავთ ძალასთან, სადაც სააკაშვილია დომინანტი – ძიძიგური

„კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას გამორიცხავს იმ პოლიტიკურ ძალასთან, სადაც მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილია დომინანტი. ძიძიგური აღნიშნავს, რომ “ქართულ ოცნებასთან” ამის შესაძლებლობა არსებობს.

მისივე თქმით, მისი პარტია არჩევნებზე დამოუკიდებლად გავა.

„ჩვენ არ ვაპირებთ არანაირ კონსულტაციას იქ, სადაც მიხეილ სააკაშვილი და მისი ფაქტორი არის დომინანტი. არც სხვა პარტიებთან კონსულტაციებს ვაპირებთ. მიგვაჩნია, რომ კონსერვატიული, ეროვნული ფასეულობები და ღირებულებები არის ის თემა, რომლის ირგვლივაც ჩავატარებთ კამპანიას მთელი საქართველოს მასშტაბით, დანარჩენი ამომრჩეველზე იქნება დამოკიდებული. ცალსახად მინდა გითხრათ, რომ ჩვენ დამოუკიდებლად მივდივართ არჩევნებზე.

რაც შეეხება კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას, გამოვრიცხავთ იმ პოლიტიკურ ძალასთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი დომინანტი არის. „ქართულ ოცნებასთან“ რა თქმა უნდა, ამის შესაძლებლობა არსებობს და ჩვენ ამას განვიხილავთ, ვინაიდან 8 წლის განმავლობაში ჩვენ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ვიყავით ყველა იმ რეფორმის თუ საკითხის განხორციელებაში, რომელიც ქვეყანაში ხდებოდა“, -განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.