“კობახიძემ მაგიდა ააყირავა” – მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი დღეს აღარ გაიმართება

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი დღეს, 10 დეკემბერს აღარ გაიმართება. რა გახდა შეხვედრის ჩაშლის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ენმ–ს წევრის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, კობახიძემ გუშინდელი განცხადებით მოლაპარაკების მაგიდა ააყირავა, ამიტომ შეხვედრის გადადება ბუნებრივია.

“ეს არის პირდაპირი ტერორი ოპოზიციის, როდესაც ერთი მხრივ ეუბნები დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, ხოლო მეორე მხირვ, მთავარ ოპოზიციურ პარტიას ემუქრები. ვისი ინიციატივით გადადიო ამას ვერ გეტყვით, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ინიციატივით არ გადადებულა, ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადების შემდეგ, რომელმაც თავისი შანტაჟით და მუქარით, პრაქტიკულად მოლაპარაკებების მაგიდა ააყირავა, ბუნებრივიც იყო, რომ ეს შეხვედრა გადაიდებოდა, რაზე უნდა მივუსლიყავით სალაპარაკოდ მაგალითად ენმ, როცა პარტიის რეგისტრაციის გაუქმებით გვემუქრება საერთოდ, რა მოლაპარაკებაზეა საუბარი”, – თქვა ზაალ უდუმაშვილმა.

“ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაფინანსებას და პრივილეგიებს ვერ მიიღებენ ის პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ შევლენ.

მისივე თქმით, ახალი მოწვევის პარლამენტში დააინიცირებენ კანონპროექტს, რომლის საფუძველზეც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს. კობახიძის განმარტებით, ასეთი პარტია ნაციონალური მოძრაობაა, რადგან მიხეილ სააკაშვილი არ აკმაყოფილებს ერთდროულად ორ საარჩევნო ცენზს, ის არ არის საქართველოს მოქალაქე და მას შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა, რაც აღსრულებას ექვემდებარება.